ექსკლუზივი: თემურ ჯანაშიას პირველი კომენტარი: „რუსთავი 2“-ს სააკაშვილის დაცვის წევრები იცავენ

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები იცავენ“, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსმა თემურ ჯანაშიამ განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანიის დაცვის წევრები პროფესიონალები არიან და ისინი წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იცავდნენ.
თემურ ჯანაშიას ინფორმაციით,  სააკაშვილის დაცვის წევრები ტელეკომპანიაში  მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახში ფარული ჩანაწერი აღმოაჩინეს.
მისი თქმით, მაშინ ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს და ისინი ექსპრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს.
„ ვნახე აუდიო ჩანაწერები. ერთმანეთში საუბრობენ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.  მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! ჩემთვის არავის მოუმართავს. არც ნიკა გვარამიას.
ჩემი ყოფილი თანამშრომლები არიან იქ, მუშაობენ „რუსთავი 2“ – ში და იცავენ „რუსთავი 2“-ის შენობას. ჩემი სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილ პრეზიდენტს იცავდნენ დღეს, ტელეკომპანიაში მუშაობენ და იცავენ შენობას.
გახსოვთ, ალბათ ტელევიზიაში ჩანაწერები რომ აღმოაჩინეს, მაშინ გაყარეს დაცვის ძველი თანამშრომლები, ისინი, ვინც იცავდნენ „რუსთავი 2“-ს და ამჟამად მუშაობენ იქ, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ისინი კამერებს იცავენ. როდესაც პრეზიდენტი შეიცვალა და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მთლიანად დეპარტამენტის დაცვის შემადგენლობა გამოყარეს იქიდან და სწორედ ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დაიწყეს მუშაობა. ისინი არიან საკმაოდ პროფესიონალი ადამიანები, წლების განმავლობაში იცავდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მთელი დეპარტამენტი გაყარეს, რა შუაში იყვნენ ისინი, მათი პირდაპირი მოვალეობა და სამსახური იყო, პრეზიდენტის დაცვა და სწორედ ისინი გაყარეს სამსახურიდან, დღეს კი „რუსთავი 2“-ის შენობას იცავენ“, – განუცხადა „კვირას“ თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის საშუალებით მორიგი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბარია ჩაწერილი.

ნიკა გვარამია: – თემური რომ დავიბარო ჯანაშია და ვთხოვო ამ დაცვის ორგანიზება, იმიტომ, რომ ექსპერტიზა მე არა მაქვს მაგაში და თემური შეძლებს. ხომ არ არის პრობლემა?

მიხეილ სააკაშვილი: – თემური პრობლემა არ არის, მაგრამ მანდ ყველაზე სწორია, ვინც ყოფილი სპეცრაზმელია და იციან, როგორ უნდა დაიწყონ…

ნიკა გვარამია: – თემურის ხალხი ხო არი ჩემთან, თქვენი დაცვა, ყველა ეგენი ჩემი დაცვა არიან.

მიხეილ სააკაშვილი: – ხო, მაგრამ ეგენი დაცვის წევრები არიან, მაგათ არ იციან სპრეცრაზმზე გადასვლა.

ნიკა გვარამია: – და ეს სპეზრაზმელები საიდან მოვიყვანო, „ნაცებს“ ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?

მიხეილ სააკაშვილი: – გივიმ იცის. იცნობს ყველას.

ნიკა გვარამია: – შენ თემურის მიწერე გეხვეწები, რომ დაუძახებ მე…

მიხეილ სააკაშვილი: -კი. კი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები