შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული ბექა ქ. და 1982 წელს დაბადებული მამუკა გ. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, „ADLER-2003 LIGHT“-ის მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, 4 წყვილი რეზინის ხელთათმანი და 1 შეკვრა წებოვანი ლენტი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები