„თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“ – რას აცხადებს „კვირასთან“ პროვოკაციული ნახატის ავტორი
„თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ – პროვოკაციული ნახატის ავტორი ლია უკლება „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. თვითნასწავლი მხატვარი ამბობს, რომ მისი მიზანი რელიგიის შეურაცხყოფა არ ყოფილა.
ლია უკლება ნახატის შინაარს განმარტავს. „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“ – მხატვრის მიერ დახატული ღვთისმშობელი სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას.
„ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ ფსევდომართლმადიდებლობის, ფსევდოქრისტიანობის და ფსევდორელიგიის მიმართ, რაც დღეს ხდება რელიგიის სახელით მსოფლიოში.
ზუსტად ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი დამოკიდებულების გზავნილი მარიამის სახით – „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“. ეს იყო გამოფენა – კონფერენცია ილიაუნიში, სადაც მე და ქრისტინე რობაქიძე ვმონაწილეობდით. თემა იყო სუბალტერნი. წარმოდგენილი მქონდა 6 ნამუშევარი, მათ შორის ერთ-ერთი ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით იკლავს თავს. ამ ნახატით აზრადაც არ მომსვლია, ვინმეს შეურაცხყოფა და, რა თქმა უნდა, არავისთვის, მითუმეტეს მართლმადიდებლობისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
– თბილისში გამოფენა პირველად გქონდათ?
– არა, თბილისში მეორე გამოფენა იყო. მარჯანიშვილზე, არტ-ავენიუზე პერსონალური გამოფენა მქონდა. მაშინაც იყო იქ ჩემი მარიამი, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
– როგორ ფიქრობ, რატომ მოჰყვა ახლა ნახატს ასეთი უარყოფითი გამოხმაურება, იმის გამო ხომ არა, რომ ახლა გამოფენის ადგილი უნივერსიტეტია?
– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ნამუშევარია ისეთი ტიპის, რომ აუცილებლად მოჰყვება ხოლმე არაერთგვაროვანი შეფასებები. მე მომწონს და მიხარია, რომ არ არსებობს საზოგადოებაში ერთი აზრი და თუ ჩემი ნამუშევარი კამათს გამოიწვევს, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ექვსი წელია, რაც ჩემი ნამუშევრები იფინება და ვხატავ. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა პროვოკაციული თემები. ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ამით ვინმეს რაიმე მორალურ ზიანს მივაყენებდი. თუ დაფიქრდებიან, ყველა მიხვდება, რომ აქ შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის.
„კვირა“ ილიაუნის დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.
ნინო ჯაჯანიძე