ექსკლუზივი: ბრიუსელში ქართველმა მამაკაცმა შვილების თვალწინ ცოლი მოკლა – რას ყვება გარდაცვლილის და
21 ოქტომბერს, ბრიუსელში 37 წლის ხათუნა ტუღუში საკუთარმა მეუღლემ, პაატა გამბარაშვილმა შვილების თვალწინ ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სახლში მყოფი ბავშვების მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა.
ტუღუშს სამი შვილი დარჩა. ყველაზე პატარა 2 წლისაა. მკვლელობაში ბრალდებული კი ბრიუსელის სამართალდამცავებს იმ დღესვე თავად ჩაბარდა.
“კვირა” მომხდარის დეტალებით დაინტერესდა და გარდაცვლილის დას, საფრანგეთში მცხოვრებ მაკა ტუღუშს დაუკავშირდა.
როგორც “კვირას” ექსკლუზიურ ინტერვიუში მოკლულის დამ განუცხადა, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ისინი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ერთად წავიდნენ.
მისივე თქმით, მისი სიძე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და მძიმე ხასიათიც ჰქონდა, თუმცა მისი და ოჯახის დანგრევისგან თავს შვილების გამო იკავებდა.
როგორც მაკა ტუღუში აცხადებს, თუ მის სიძეს სამართალდამცავები სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან, მასსა და მის ოჯახს საფრთხე კვლავ ემუქრებათ. მისივე თქმით, მას მისი სიძე სამი წლის განმავლობაში უმიზეზოდ ემუქრებოდა.
“ჩემი და და ჩემი სიძე ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ და ის ამას ვერ შეეგუა. ეჭვიანობდა, რაზე ან ვისზე თვითონაც არ იცის. მე სულ ვეუნებოდი ჩემს დას, გაშორდი – მეთქი, მაგრამ შვილების გამო თავს იკავებდა. ჩემი და, ბავშვები რომ ერჩინა, სამ ადგილას მუშაობდა.
ჩემს სიძეს შვილებთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მათაც ემუქრებოდა. შვილებს ეზიზღებოდათ. ბავშვებმა რა დაუშავეს?! ნარკომანი იყო. ყველაფერს იკეთებდა. ჩემი და მოიტაცა და ისე მოიყვანა ცოლად. ჩემს შვილებსაც ემუქრებოდა მკვლელობით.
მაგან დედაჩემიც მოკლა და ჩემს დას რას უზამდა? სტრუქტურაში ჰყავდა ნათესავები და ხელი დააფარეს. მაგის გარეთ ყოფნა საშიშია. ციხეში უნდა ამოლპეს, თორემ საფრთხეში მყავს შვილები. ყველანი საფრთხეში ვართ.
საქართველოში თუ გადმოაგზავნიან, მუდმივი პატიმრობა უნდა მიუსაჯონ. რომ გამოუშვან, ყველას დაგვხოცავს. ასე იძახდა, დაგხოცავთ და თავს მოვიგიჟიანებო.
ციხეში უნდა დალპეს, იქიდან ცოცხალი რომ გამოვიდეს, საშიშროებაა. მეც სამი წელი მემუქრებოდა, არ ვიცი, რატომ ვერ გვიტანს, გვიგონებდა რაღაცებს”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას მაკა ტუღუშმა.
მისივე თქმით, მისი დისშვილები ბრიუსელის ხელისუფლებამ თავშესაფარში გაგზავნა და გარკვეული პროცედურების შემდეგ სახლში დააბრუნებენ.