ექსკლუზივი: ქიბარ ხალვაში „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს – სიტყვის თავისუფლებას მე კი არა, ნიკა გვარამია ებრძვის

ქართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხალვაში ოპონენტებსაც პასუხობს და კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ იგი „თავისუფალ სიტყვას ებრძვის“.
ბიზნესმენის განცხადებით, თავისუფალ სიტყვას თავად კი არა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი დირექტორი ნიკა გვარამია ებრძვის. მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერი დღეს ტყუილით არის გაჯერებული.
„სიტყვის თავისუფლებას რატომ უნდა ვებრძოდე, სარგებელი რა მექნება აქედან? სიტყვის თავისუფლებას ნიკა გვარამია ებრძოდა და ებრძვის, დღემდე ებრძვიან სიმართლეს და ტყუილებით არის ეთერი, თუნდაც ჩემთან დაკავშირებით“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში „კვირასთან“ საუბრისას.
გერმანიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენი საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით დარჩიაშვილსაც პასუხობს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება ხელისუფლების ინტერესებს დაუკავშირა. ქიბარ ხალვაში დარჩიაშვილს, წინა მოწვევის სადეპუტატო მანდატს და წარსულს ახსენებს.
„დავით დარჩიაშვილმა იმას უპასუხოს, მე რომ წამართვეს ტელევიზია, როცა ჩემზე ხდებოდა ზეწოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, ქვეყნიდან რომ გამაძევეს და გერმანიამ პოლიტიკურ პატიმრად მაღიარა, ქონება რომ ჩამოგვართვეს, დარჩენილი გადაწვეს, მაშინ სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი იყო. მაგის ნათქვამს რა ფასი აქვს?“ – ამბობს ქიბარ ხალვაში.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო. სასამართლოში ბიზნესმენის ინტერესებს, ქართველ ადვოკატებთან ერთად, გერმანელი ადვოკატი, პეტერ ლაუ იცავს.
საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. საბოლოო დავის დასრულებამდე „რუსთავი 2“-ს ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება, ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ.
შეგახსენებთ, არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები