შინაური ცხოველების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა – რა პროცედურებს ითხოვს სააგენტო

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა შინაური ცხოველების დარეგისტრირების ვადა გაახანგრძლივა. თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც შინაური ცხოველი ჯერ არ დაურეგისტრირებიათ, შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი დამატებით ერთი თვის ვადაში დაარეგისტრონ.

ცნობისათვის: “შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” 6 თვეა, მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა – ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე “ბირკა”.12081450_1021108837911609_328360798_n

როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თემურ ფხალაძემ განუცხადა, თბილისში შინაურ ცხოველთა უფასო რეგისტრაციისა და ინდენტიფიცირების ვადა დღეს, 8 ოქტომბერს იწურება, თუმცა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური უფასო აქციას მინიმუმ ერთი თვის ვადით გააგრძელებს.

ამჟამად, აქციის ფარგლებში 700-მდე მოქალაქემ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფასო აქციით უკვე ისარგებლა, თუმცა ეს ციფრი ყოველ წუთს იცვლება.

როგორც “კვირას“ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად, ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

„შინაური ცხოველის პატრონს საშუალება აქვს, აირჩიოს საიდენტიფიკაციო საშუალება – მიკროჩიპი, ტატუირება ან საჭდევი ე.წ. ბირკა. ამ სამიდან მოქალაქე თვითონ ირჩევს, რომელი საიდენტიფიკაციო საშუალება სურს. მიკროჩიპირებას, სოციალურად დაუცველი პირებისათვის სააგენტო უფასოდ აკეთებს, ანუ სოციალურად დაუცველ პირებს, ვისაც ჰყავს შინაური ცხოველი – ძაღლი ან კატა, მათი იდენტიფიცირება უფასოდ ხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ ვეტერინალურ კლინიკებს ან კინოლოგიურ კავშირს, სადაც ცხოველთა სარეგისტრაციო პროცედურებს ატარებენ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თემურ ფხალაძემ.12071580_1021106244578535_1099057455_n

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, მათ ვეტერინალურ კლინიკებს უნდა მიმართონ. თემურ ფხალაძის ინფორმაციით, ეს მომსახურება 12-დან 15 ლარამდე მერყეობს.

„კომერციული ვეტერინალური კლინიკები თავად ადგენენ ფასებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ცხოველებისთვის მიკროჩიპი 12-დან 15 ლარამდე მერყეობს. იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში. იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გადამოწმდეს, ცოცხალია თუ არა ცხოველი და ა.შ. განმეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა”,- აცხადაბს თემურ ფხალაძე.

„კვირა“ შინაური ცხოველის იდენტიფიცირებისთვის რამდენიმე კომერციულ ვეტერინალურ კლინიკას დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ვეტერინალურ კლინიკებში შინაური ცხოველებისთვის ჩიპირება 25- დან 50 ლარამდე მერყეობს.12071578_1021106471245179_601375926_n

მაგალითისთვის, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებულ ვეტერინალურ კლინიკაში ძაღლისთვის ჩიპის გაკეთებისთვის 30 ლარი, ხოლო ნაძალადევისა და კოსტავას ქუჩებზე განთავსებულ ვეტერინალურ დაწესებულებაში 25 ლარი მოითხოვეს. 25 ლარის ღირებულების ჩიპი ჩინური წარმოებისაა, ხოლო გერმანული 50 ლარი ღირს.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა კომერციული დაწესებულების მიერ დადგენილი ფასების კორექტირება მოვახდინოთ. ჩვენ არ ვერევით ამ საკითხში. ისინი თავად ადგენენ მომსახურების ღირებულებას“, – აღნიშნა თემურ ფხალაძემ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი თემურ ფხალაძე მოქალაქეებს აფრთხილებს:

„მოქალაქეებმა, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, სახლიდან გაუსვლელად, მათ 112-ზე უნდა დარეკონ, დატოვონ ინფორმაცია და შესაბამისი ჯგუფი ეწვევა სახლში. ადგილზევე მოხდება ცხოველის იდენტიფიცირება და რეგისტრაცია. შესაბამისად, ადგილზევე გადასცემენ რეგისტრაციის მოწმობას. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით მოსახლეობას, რომ თავისი „ოთხფეხა მეგობარი“ დაარეგისტრირონ“ .

ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები