10 თვის ჩვილს ლობიოს ნახარში გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის 40 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო

ჩვილის დამწვრობის მორიგი ფაქტი საქართველოში. დამწვრობის ცენტრში 10 თვის გოგონას მკურნალობენ, რომელიც კლინიკაში მე-2-მე- 3 ხარისხის დამწვრობით მიიყვანეს.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 10 თვის გოგონას ლობიოს ადუღებული ნახარში გადაესხა, რის შედეგადაც გულ-მკერდისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღო. შემთხვევა კახეთში მოხდა.
პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ წელს, დამწვრობის ცენტრში ჩვილის დამწვრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
29 ივნისს, სამედიცინო დაწესებულებაში სამეგრელოდან მეორე-მესამე ხარისხის სხეულის დამწვრობით 18 დღის ჩვილი მიიყვანეს, რომელსაც მდუღარე წყალი გადაესხა.
25 ივნისს, დამწვრობის ცენტრში 36 დღის ჩვილი მიიყვანეს, რომელსაც სხეულის 7 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, პატარამ სხეულის დამწვრობა ცხელი ჩაის გადასხმის შედეგად მიიღო.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები