ვინ სპეკულირებს გიორგი ანწუხელიძის სახელით – “კვირასთვის” დამატებითი დეტალები ცნობილია

ფეისბუქგვერდ „ტკბილ ხარ შენ უფალო“-ს მიერ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელით სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით „კვირაზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, გვერდის ადმინისტრატორი მარიამ ტალახაძე გამოეხმაურა.
ის საკუთარი ქმედების გამართლებას ბუნდოვანი არგუმენტებით შეეცადა.
როგორც ტალახაძე აცხადებს, მას აღნიშნული პოსტის განთავსების სურვილი, მას შედმეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო ნახა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძის დედა ოჯახის სიდუხჭირეზე საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელზეც მარიამ ტალახაძე საუბრობს 2014 წელს არის გადაღებული, ანწუხელიძის დედა გასული წლის 18 ნოემბერს გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
ტალახაძის მტკიცებით, საბანკო ანგარიშზე, რომელიც მან ანწუხელიძეების ოჯახის დახმარების მოწოდების ტექსტს დაურთო, მხოლოდ 73 ლარია დარიცხული. რამდენად შეესაბამება ტალახაძის მიერ დასახელებული ციფრი ანგარიშზე არსებული თანხის რეალურ ოდენობას გაურკვეველია.
ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ „ტკბილ ხარ შენ უფალო“-ს გვერდზე განთავსებული პოსტის შემდეგ ანწუხელიძის ოჯახის დახმარების სურვილს უამრავი ადამიანი გამოთქვამს. სავარაუდოდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მითითებულ ანგარიშზე გარკვეული ოდნების თანხები ჩარიცხა.
გვერდის ადმინისტრატორი გამოქვეყნებული რეზონანსული სტატიის შემდეგ „კვირას“ სტატიის წაშლის თხოვნით დაუკავშირდა და განმარტა, რომ მისი მხრიდან ეროვნული გმირის სახელით თაღლითური ქმედების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
უფრო მეტიც, ტალახაძე საკუთარი საქციელის გამართლებას თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეეცადა და სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტის თვითნებურად განთავსების გამო ბოდიშიც მოიხადა.
მიმოწერის ფაქტი „კვირას“ სამინისტროშიც დაუდასტურეს და განმარტეს, რომ თინა ხიდაშელმა მარიამ ტალახაძის ჩანაფიქრის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა, რის მიზეზადაც სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის ტექსტების სიმრავლე დაასახელა.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ტალახაძე აღნიშნავს, მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშები დღეს დაიბლოკა.
რატომ განთავსდა გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან შეუთანხმებლად აღნიშნული შინაარსის პოსტი ვებგვერდზე, ვის ეკუთვნის საბანკო ანგარიში, რომელსაც ადმინისტრატორი ანწუხელიძეების ოჯახის დახმარების მიზნით უთითებს და რატომ არ წაიშალა გვერდიდან ტექსტი ანწუხელიძეების ახლობლის მიერ გვერდის ადმინისტრაციისთვის მიცემული გაფრთხილების მიუხედავად – ამ კითხვებით „კვირა“ „ტკბილ ხარ შენ უფალო“-ს ადმინისტრატორს მარიამ ტალახაძეს დაუკავშირდა.
გვერდის ავტორი თავადაც აღიარებს, რომ მას ანწუხელიძეების ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გადამოწმება არც უცდია და პოსტი ვიდეოზე დაყრდნობით განათავსა, რომელიც მისი ახლო მეგობრის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის თეა თუთბერიძის ფეისბუქის გვერდზე ნახა.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა ანწუხელეძეების ოჯახისთვის მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გადაცემას, ტალახაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით იზრუნებდა.
„ზოგადად ჩემს მიერ შექმნილი ფეისბუქ გვერდების მეშვეობით ვცდილობ გაჭირვებულ ადამიანებს შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ცოტა ხნის წინ, ჩემი მეგობრის თეა თუთბერიძის ფეისბუქის გვერდზე ვნახე ვიდეო, რომელშიც გიორგი ანწუხელიძის დედა მათი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობდა. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა პოსტი, რომლითაც საზოგადოებას მათი ოჯახის დახმარებისკენ მოვუწოდებდი. მე არ ვიცოდი, რომ მათ ოჯახს თავდაცვის სამინისტრო ეხმარებოდა და ჩავთვალე, რომ მათ კვლავ სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება. იმაში შევცდი, რომ ოჯახს არ დავუკავშირდი“, – აცხადებს გვერდის ადმინისტრატორი.
მარიამ ტალახაძე ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძის მეუღლის ვინაობის შესახებ „კვირას“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის საშუალებით შეიტყო და სწორედ ამის შემდეგ ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა.
„გუშინ სტატიის გამოქვეყნებისთანავე ვესაუბრე გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს. ავუხსენი პოსტის დადების მოტივი. რაც შეეხება პოსტის აღებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან მოწერილს, ავუხსენი, რომ მსგავსი სახის შეტყობინება ჩემამდე არ მოსულა.
მე თვითონ გავარკვევ ყველაფერს. ამას სხვა რამე მოყვება. ვისაც დამნაშავე ვგონივარ, ვეგონო. აუცილებლად გავარკვევ რა იყო თაღლითობა მაგ ქმედებაში. მე არ მაქვს სხვა მიზანი, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ფული ავიღო“, – განაცხადა მარიამ ტალახაძემ.
მისივე ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს სპეციალურ ანგარიშზე დარიცხული 73 ლარის გადაცემა შესთავაზა, რაზეც მისგან უარი მიიღო.
„ანწუხელიძეების ოჯახს შემოსული თანხა არ აუღია, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ მაგ თანხას ვერ ავიღებთ, ისე არ გვიჭირს, სხვებს უფრო უჭირთო“, – განაცხადა მარიამ ტალახაძემ.
„კვირა“-მ მარიამ ტალახაძის მონაყოლი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლესთან, მაკა ჩიკვილაძესთან გადაამოწმა.
anwu2
ჩიკვილაძემ დაადასტურა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას მარიამ ტალახაძე მართლაც დაუკავშირდა და პირადი ცხოვრების შესახებ საკმაოდ დრამატული დეტალი მოუყვა და ქმედების გამართლებაც ამით სცადა.
„მითხრა, რომ გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება. მეც უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე, ფიზიკურად მისწორდებოდნენ და ვიცი რას ნიშნავს გაჭირვებაო. ამიტომ ვცდილობ დავეხმარო სხვა ადამიანებსო “, – აცხადებს „კვირასთან საუბრისას ჩიკვილაძე.
თუმცა თავად ტალახაძემ „კვირასთან“ სატალეფონო ინტრევიუს დროს აღნიშნა, რომ მას მშობლები გერმანიაში ჰყავს და აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე არ სურს.
„კვირას“ ინფორმაციით, ტალახაძე მამით ობოლია და მას დეიდა და ბებია ზრდიდნენ. დედა კი დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს. საყურადღებოა ის, ფაქტიც, რომ მარიამ ტალახაძე სოციალურ ქსელში საკუთარი სახელითა და გვარით არ არის დარეგისტრირებული.
ის რამდნიმე ფეისბუქ გვერდს ხელმძღვანელობს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანების დახმარების თხოვნით საზოგადოებას ხშირად მიმართავს.
„კვირას“ ინფორმაციით, აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდა და უწყება მოკვლევის ჩატარებას გეგმავს.
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარების მოწოდებით განთავსებულ  პოსტთან დაკავშირებით “კვირამ“ გუშინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით: „ტკბილ ხარ შენ, უფალო“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია და დახმარება ესაჭიროება. გვერდის ადმინისტრატორი საზოგადოებას მოუწოდებდა თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხათ. პოსტს არაერთი გაზიარება და კომენტარი ჰქონდა.
tkbil
„გთხოვთ ყველას, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ პოსტს… ეს ბიჭი გიორგი ანწუხელიძეა, გმირი, რომელიც წამებით მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, დედა გარდაეცვალა გულის შეტევით. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, ერთად დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით, გიორგიმ ხომ ჩვენ გამო საკუთარი სიცოცხლე გაწირა… დახმარების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ “თი-ბი-სი” ბანკის ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა“, – წერდა ფეისბუქგვერდი და შესაბამის საბანკო ანგარიშს უთითებდა.
„კვირა“ დაინტერესდა, იყო თუ არა შეთანხმებული აღნიშნული შინაარსის პოსტის განთავსება გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან. „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ საბანკო ანგარიშიც და ტექსტში გაჟღერებული მოწოდებაც მათ ოჯახთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად გავრცელდა. მაკა ჩიკვილაძის თქმით, ანწუხელიძეების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა შემთხვევით ნახა აღნიშნული მოწოდება და გვერდის ადმინისტრაციას მისწერა, რომ პოსტი აეღოთ ფეისბუქიდან. გვერდის ადმინისტრატორმა პოსტი წაშალა, თუმცა რამდენიმე დღეში იგივე ტექსტი კვლავ გაჩნდა მათ გვერდზე. ჩიკვილაძემ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახს უკიდურესად უჭირს. მისივე თქმით, ის თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული და სათანადო ანაზღაურებას იღებს. ამასთან, უწყება გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარს ურიცხავს. “ინფორმაცია, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფებით და დახმარებას ვითხოვთ, არანაირად არ შეესაბამება რეალობას. ტყუილია ყველაფერი, ჩვენი ოჯახის არცერთ წევრს არ ეკუთვნის ეს საბანკო ანგარიში და არც ამ გვერდის ადმინისტრაცია დაგვკავშირებია. ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ ნახა ჩემმა ახლობელმა და მისწერა, რომ აეღოთ გვერდიდან. აიღეს, თუმცა შემდეგ კიდევ განათავსეს ანალოგიური ტექსტით და საბანკო ანგარიშით. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, პარალელურად ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით ვიღებთ დახმარებას, ისე არ გვიჭირს, რომ ასეთი ტექსტი შეგვედგინა და საზოგადოებისთვის დახმარება გვეთხოვა“, – განაცხადა „კვირასთან“ მაკა ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები