გიორგი ჩაკვეტაძე – ოპოზიციაზე: ვერ გამოჰყავთ ხალხი ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი დგანან ისტორიის არასწორ მხარეს
,,ე.წ. აქციების ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობა, როგორმე მოახერხონ ის, რომ ამ ქვეყანაში მიღწეული იყოს დესტაბილიზაცია, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ვერ გამოჰყავს ხალხი ერთადერთი მიზეზის გამო – ისინი დგანან ისტორიის არასწორ მხარეს.
„რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც კეთდება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ეს არის ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომლის მცდელობებიც ასევე ყველამ კარგად ვნახეთ როგორც გაზაფხულზე, ასევე შარშანაც იმ კანონის გარშემო, რომელიც უკავშირდებოდა რეალურად მხოლოდ ერთადერთ მიზანს, ეს იყო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მოახერხეს გარკვეული ნაწილის, მათ შორის, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც არის ღირსეულ მხარეს ჩვენი ქვეყნის განვითარების, ამ ადამიანებმა არ დაიჯერეს ის სიცრუე, არ დაიჯერეს ის დეზინფორმაცია, რომლის მთელი ნაკადიც მოედინებოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენ ახლა ვუყურებთ ე.წ. აქციებს, რომლის ერთადერთი მიზანიც არის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობა, როგორმე მოახერხონ ის, რომ ამ ქვეყანაში მიღწეული იყოს დესტაბილიზაცია, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.
ჩვენ ვემზადებით მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს 25 ნოემბერს და ამ მხრივ ძალიან ბევრი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ.
26 ოქტომბრის დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიაში „2024“-ში, მინდა თითოეულ ამ ადამიანს მადლობა ვუთხრა.
ასევე, თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზაზე.
რაც არ უნდა მცდელობები იყოს, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ საზოგადოება არ აჰყვა ამ აჟიოტაჟს, არ გამოდის ხალხი, ვერ გამოჰყავთ ხალხი ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი დგანან ისტორიის არასწორ მხარეს, ისინი ეწევიან ქმედებებს, რომლის მიზანი არის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში შეიქმნას ქაოსი. მიიღეს დამარცხება 26 ოქტომბერს, ისევე, როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დემონტაჟი, რომელიც არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, არ ექვემდებარება აღდგენას. ეს ადამიანები არიან განწირული მარცხისთვის, მაგრამ მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო იმისთვის, რომ მივმართო თითოეულ ახალგაზრდას, არ აჰყვნენ ამ აჟიოტაჟს, არ შევიდნენ შეცდომაში. რეალურად შეუძლებელია ელექტრონული ხმის მიცემის აპარატის პირობებში და ისედაც, დემოკრატიული არჩევნების პირობებში შეუძლებელია რაიმე მანიპულირება შედეგებზე“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.