ექსკლუზივი: თაღლითობა გიორგი ანწუხელიძის ოჯახის სახელით – რას აცხადებს „კვირასთან“ ეროვნული გმირის მეუღლე

სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარების მოწოდებით ცრუ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა. ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით: „ტკბილი ხარ შენ, უფალო“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია და დახმარება ესაჭიროება. გვერდის ადმინისტრატორი საზოგადოებას მოუწოდებს, თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხონ. პოსტს არაერთი გაზიარება და კომენტარი აქვს.12047377_10153215890644779_1379519537_n
„გთხოვთ ყველას, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ პოსტს… ეს ბიჭი გიორგი ანწუხელიძეა, გმირი, რომელიც წამებით მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, დედა გარდაეცვალა გულის შეტევით. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, ერთად დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით, გიორგიმ ხომ ჩვენ გამო საკუთარი სიცოცხლე გაწირა… დახმარების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ “თი-ბი-სი” ბანკის ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა“, – წერს ფეისბუქგვერდი და შესაბამის საბანკო ანგარიშს უთითებს.
„კვირა“ დაინტერესდა, იყო თუ არა შეთანხმებული აღნიშნული შინაარსის პოსტის განთავსება გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან. „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშიც და ტექსტში გაჟღერებული მოწოდებაც მათ ოჯახთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად გავრცელდა. მაკა ჩიკვილაძის თქმით, ანწუხელიძეების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა შემთხვევით ნახა აღნიშნული მოწოდება და გვერდის ადმინისტრაციას მისწერა, რომ პოსტი აეღოთ ფეისბუქიდან. გვერდის ადმინისტრატორმა პოსტი წაშალა, თუმცა რამდენიმე დღეში იგივე ტექსტი კვლავ გაჩნდა მათ გვერდზე.
ჩიკვილაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახს უკიდურესად უჭირს. მისივე თქმით, ის თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული და სათანადო ანაზღაურებას იღებს. ამასთან, უწყება გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარს ურიცხავს.
“ინფორმაცია, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფებით და დახმარებას ვითხოვთ, არანაირად არ შეესაბამება რეალობას. ტყუილია ყველაფერი, ჩვენი ოჯახის არცერთ წევრს არ ეკუთვნის ეს საბანკო ანგარიში და არც ამ გვერდის ადმინისტრაცია დაგვკავშირებია. ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ ნახა ჩემმა ახლობელმა და მისწერა, რომ აეღოთ გვერდიდან. აიღეს, თუმცა შემდეგ კიდევ განათავსეს ანალოგიური ტექსტით და საბანკო ანგარიშით. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, პარალელურად ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით ვიღებთ დახმარებას, ისე არ გვიჭირს, რომ ასეთი ტექსტი შეგვედგინა და საზოგადოებისთვის დახმარება გვეთხოვა“, – განაცხადა „კვირასთან“ მაკა ჩიკვილაძემ.

                                                                                                                                

.12006164_10153215889794779_3312856336069141975_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები