მერაბ ტურავამ უგულავას საქმის გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავას გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შესახებ „კვირას“ თავად მერაბ ტურავამ განუცხადა. როგორც მოსამართლე აცხადებს, დღეს საავადმყოფოში გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა მას შესთავაზეს განაჩენზე ხელის მოწერა, რაზეც მან უარი თქვა. ტურავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ყველანაირი წესი დააღვია.
„გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დღეს მოვიდნენ ჩემთან მოსამართლეები, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და უნდოდათ, ხელი მომეწერა.
მიზეზი, რის გამოც მე ამ გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, არის არა ავადმყოფობა, არამედ ის, რომ მე არ მომეცა საშუალება საქმის სარეზოლუციო ნაწილს გავცნობოდი. მათ გარკვევით ავუხსენი, რომ არცერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას, სანამ მას კარგად არ წაიკითხავს“,-აღნიშნა მერაბ ტურავამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა ბათუმში კლინიკა “მედინას” ტერიტორია უკვე დატოვეს. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები “მედინაში” მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო.