კახა მამულაშვილის ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
კახა მამულაშვილის ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
როგორც „კვირას“ სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული კახა მამულაშვილის ადვოკატის განცხადება სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერსებიდან გამომდინარე კითხვებზე ვერ გიპასუხებთ“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ბეგიაშვილმა.
რაც შეეხება, ბრალდებულის მეუღლეს ლელა წურწუმიას – „ამ საკითხზე, აქ აღარ დარეკო, გესმის?! “ – თქვა ლელა წურწუმიამ და ტელეფონი გათიშა.
20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ კახი მამულაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა 18 ივლისს დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს განახლდება.