რეგიონალური თეატრების ფესტივალის მეოთხე დღე პოლონეთის Teatr nowy w zabrzu სპექტაკლმა TOP DOGS (ტოპ ძაღლები) დახურა. სპექტაკლის რეჟისორი გჟეგოჟ კემპინსკია, მხატვარი ბარბარა ვოლოსიუკი, ქორეოგრაფი კატარჟინა ალექსანდერ-კმიეცი, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი მარჩინ მიულერი.
1996 წლის მოვლენად ქცეული შვეიცარიელი მწერლის ურს ვიდმერის ნაწარმოების TOP DOGS-ის მიხედვით დადგმული წარმოდგენა სეზონის საუკეთესო გერმანულენოვან სპექტაკლად აღიარეს.
მისი გმირები მენეჯმენტის ყოფილი ვარსკვლავები არიან. ისინი სამსახურებიდან მაშინ დაითხოვეს, როდესაც კარიერის მწვერვალზე იყვნენ. იმისათვის, რომ დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა, მოხვდებიან სპეციალურ VIP დასაქმების სააგენტოში, რომელშიც ხორციელდება საგანგებო, სტრესის შესაკავებელი თერაპიული ღონისძიებები, მაგრამ პირველ რიგში, ისეთი, რომელიც მათ ახალ, მომგებიან სამუშაოს აპოვნინებთ. სპექტაკლი – ფსიქოდრამა ავლენს გმირების ჭეშმარიტ აზრებს, აჩვენებს, როგორია დამცირებისა და ხელის კვრის გრძნობა, რომელიც კარიერის განადგურებას ახლავს. ასევე იძლევა იმის გაცნობიერების საშუალებას, თუ როგორი ტყუილისა და ილუზიების გარემოცვაში ცხოვრობდნენ ისინი აქამდე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი კი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია. ფესტივალი „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალმა მაყურებლის და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ყოველ საღამოს, გრიგოლეთში, სასტუმრო „ლაშთანში“ სხვადსხვა სახის ღონისძიებები იმართება, მათ შორის მუსიკალური საღამოები, რაც ერთგვარი დაახლოების და ურთიერთობის გაღრმავების საშუალებაა მოწვეული თეატრებისთვის.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.