საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს ინფორმაცია მიაწოდეს არსებულ ვითარებაზე და მათ შესაბამისი დოკუმენტური და ფოტომასალები გადაეცათ.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, “საქართველოს ერთადერთი იარაღი არის საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები“.
დღესვე მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლო ახალ ფორმატთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს. მისი განცხადებით, ახალი ფორმატების აუცილებლობა არ არის, „რუსეთთან ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაა, სადაც უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განვიხილავთ. გარდა ამისა, აბაშიძე-კარასინის ფორმატი არსებობს. სხვა ახალი ფორმატების აუცილებლობა თუ იქნება, ამაზე მომავალში დავილაპარაკებთ“, – განაცხადა დონდუამ.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა.
საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, ვინაიდან შვეიცარია წარმოადგენს ასევე რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში, ის აპირებს, გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, გააანალიზოს საქართველოს მესიჯი და გაერკვეს არსებულ ვითარებაში.
“გაოცებულნი ვართ რუსეთის ამ ქმედებით. ეს არის სამწუხარო ქმედება და ჩვენ მოვისმენთ რუსეთის მხარის პოზიციას ამ ბანერებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.