შალვა ენუქიძე და ზურაბ აბაშიძე საოკუპაციო ხაზის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამეტის დირექტორი შალვა ენუქიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოფელ ორჭოსანისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნენ.
მათ ასევე ერთობლივად მოინახულეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანისა და გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო „ბაქო-სუფსას“ მილსადენის გარკვეული ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მდგომარეობას გაეცნენ.
მიმდინარე წლის 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის გარკვეული სეგმენტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ღრმა შეშფოთება გამოთქვა და შეაფასა, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები