იაშარ უსუპოვი: ხარშილაძის ჩვენება არანაირ უხერხულობას არ წარმოადგენს ჩემთვის, ეს ტყუილია

ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვის მამას იაშარ უსუპოვს ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებული დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის დღევანდელი ჩვენების არ სჯერა და ამბობს, რომ ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დღეს მოიფიქრეს.

„კვირასთან“ საუბრისას იაშარ უსუპოვმა ხარშილაძის დღევანდელი ჩვენება თავის დაცვის მცდელობად შეაფასა.

„ხარშილაძის ჩვენება არანაირ უხერხულობას არ წარმოადგენს ჩემთვის. ეს არის იგივე სცენარის მეორე ნაწილი, რომელიც მაშინ იყო დადგმული. ეს არის ტყუილი. ეს არის დაცვის წევრების მხრიდან თავის გამართლება. მაგათ იმ ღამეს უღალატეს ჟვანიას, არ დაიცვეს ობიექტი, დაარღვიეს კანონი, ჩაიდინეს დანაშაული. სამთავრობო დაცვის წევრების მოვალეობა ის არის, რომ დაიცვან ის ობიექტი, რომელსაც იცავენ. მათ არ დაიცვეს. მაგათ ტყუილებს რომ ვუსმენ, უფრო დამაჯერებელია, რომ რაული და ზურა არიან მოკლულები. მოკლეს და ბინაში მიიყვანეს. ამათ კიდევ უთხრეს, თუ არ გაჩუმდებით, თქვენც მოგხვდებათო. ვინმე ჰკითხავდა მაგათ რამეს? ვის სჯერა მაგ ტყუილის. მაგას მთელი საქართველოს 2 პროცენტი თუ დაიჯერებს. ეს იყო მკვლელობა. არ რცხვენიათ? პირიქით, ვამაყობ იმით, რომ ტყუილებს ლაპარაკობენ. ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ბინაში რაიმე სხვა მიზნით იყვნენ მისულები?! საინტერესო იცით რა არის, რომ ვთქვათ, ისინი სჩადიოდნენ გაუკუღმართებულ საქციელს, შენ რატომ არ დაიცავი ობიექტი? რატომ არ დაიცავი ის, ვინც უნდა დაგეცვა, რატომ უღალატე? აგე ამაზე პასუხი. მე შეიძლება დავთვრე, გონზე აღარ ვარ, ხომ შეიძლება სხვა მიზეზით მომკვდარიყო ადამიანი? ხომ გაქვს ფიცი დადებული, ბოლომდე რატომ არ დაიცავი? რა თქმა უნდა, ეს ის სცენარია, რაც თავიდან მოიფიქრეს. ამით გვაშინებენ?“, – განაცხადა იაშარ უსუპოვმა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები გააზრებულ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

დღევანდელ სხდომას კი თავად იაშარ უსუპოვი არ დასწრებია.

„მე მაინც თბილისში ვარ, ქართული ენაც კარგად მესმის, მაგრამ რომ დავესწრო პროცესებს, კიდევ ნერვები უნდა მოვიშალო ტყუილების მოსმენით. ტყუილებს რომ ვუსმენ, მოსაბეზრებელია, ნერვების მოსაშლელია“, – განაცხადა უსუპოვმა.

აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით „კვირა“ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ძმას – გოგლა ჟვანიასაც დაუკავშირდა, რომელმაც კობა ხარშილაძის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„კობა ხარშილაძის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ხარშილაძეს და ძაძამიას ამ წუთში ბრალი აქვთ წაყენებული მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობაზე. ეს არის ცალსახა და მართალი. განაჩენს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროცესი გაიმართა. სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღე გაიხსენა.

“2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა, დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ.

ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა. 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა, ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი, რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო, საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა“,- განაცხადა ხარშილაძემ.

კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამართლოს წინაშე ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია წარდგა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან.

ძაძამიასა და ხარშილაძეს ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მიხეილ ძაძამიას ზურაბ ჟვანიას საქმეზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის ბოლოს შეეცვალა და ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები