საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკრაინის მოვლენებზეა დამოკიდებული

თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, თბილისისთვის ნატოს პერსპექტივა გააქტიურდება, ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალება „კომერსანტი“ წერს. მედიის ინფორმაციით, საქართველოს შესაძლოა სექტემბერში ნატოს წევრობის წინა განსახორციელებელი გეგმა გადასცენ,- ამის შესახებ გამოცემას აშშ-ის დეპარტამენტიდან სანდო წყარომ აცნობა. მათივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინის კრიზისზე იქნება დამოკიდებული.
როგორც რუსული გამოცემა აღნიშნავს, თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგად ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანდება, დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს.
“კომერსანტი” წერს, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსთვის 2008 წელს ბუქარესტში გამართული ალიანსის სამიტის დროს გაჩნდა. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა საქართველოსთვის მაპის მიცემას, მაგრამ საქართველოს დაპირდნენ, რომ მომავალში შეძლებდა ალიანსში გაწევრიანებას.
სტატიის ავტორის თქმით, 2008 წლის ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა – 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა.
“უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის განახლებული დებატების საჭიროება გამოიწვია. იმაზე, რომ საქართველოს განაცხადი ნატოში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ მოწოდებით, არ მოეხდინათ ამ საკითხის ფორსირება”, – ციტირებს სტატიის ავტორი ნატოში საკუთარი წყაროს კომენტარს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის წარმომადგენლები საქართველოს ნატოში ინტეგრირების მხარდაჭერას შეჰპირდნენ.
“თავად ბატონმა ღარიბაშვილმა კი ვაშინგტონში, “ატლანტიკურ საბჭოში” სიტყვით გამოსვლისას ნათელი გახადა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე”, – აღნიშნულია “კომერსანტის” სტატიაში. ამასთან, სტატიის ავტორი ციტირებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ს ალიანსისა და თავისუფალი მსოფლიოს უპირობო ლიდერად მიიჩნევს.
“მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აშშ მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას”, – ციტირებს ავტორი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ნატოს მიახლოების პერსპექტივებს მიუღებლად მიიჩნევს. ავტორი ციტირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოება ცივი ომის ეპოქის ძველი ლოგიკის გაგრძელებაა.
როგორც “კომერსანტს” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყარომ განუცხადა, თუ რუსეთი ყირიმს შეიერთებს, საქართველოსთვის მაპის მიცემა ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იქნება. “სიტყვა “ფაქტობრივად” წყარომ იმით ახსნა, რომ საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას ხელი შესაძლოა, მხოლოდ გერმანიამ შეუშალოს, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ისევე, როგორც 2008 წელს, დღესაც მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხელმძღვანელობს”, – წერს სტატიის ავტორი ელენა ჩერნენკო. ამასთან, “კომერსანტის” წყაროს ინფორმაციით, ბერლინისა და სხვა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების აზრი შეიძლება შეიცვალოს, რადგან რუსეთთან ყირიმის შეერთება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში მისაღები არ არის.
“ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლება გვერდს უვლის საკითხს, თუ რა ბედი ეწვევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ასეთ შემთხვევაში”, – წერს სტატიის ავტორი. ამასთან, სტატიის ავტორი ციტირებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ნათლად დაინახავს და თავად გადაწყვეტს – სიბნელეში ურჩევნიათ ცხოვრება თუ ნათელი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმა. მათივე ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა წინა ხელისუფლების მიდგომამ რუსეთისადმი. “ბატონმა ღარიბაშვილმა ასევე შეგვახსენა ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ახალი პოლიტიკის მხარდაჭერა, რომლის შედეგადაც რუსეთმა საპასუხო კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო”, – ნათქვამია “კომერსანტის” სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები