ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს
ბიზმესმენი თამაზ ნიჟარაძე, რომლის საქმეზეც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა, „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ნიჟარაძე გამოძიების შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მის საქმეზე ძიება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა.
„ჩატარდა გამოძიება და ნათელი მოეფინა ყველაფერს – იმას, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებდი, კეზერაშვილმა, შანტაჟით, ლიკვიდაციის მუქარით გამომძალა ქონება, სოდის თანამშრომლებს მიგზავნიდა და მემუქრებოდა. ჩემს საქმეზე პროკურატურაში შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა აქტიურად დაიწყო გამოძიება და, როგორც ვხედავთ, დღეს ბრალი წარედგინა კეზერაშვილს, იმედი მაქვს, საქმე ბოლომდე მივა და სამართალი იზეიმებს“, – განუცხადა “კვირას“ თამაზ ნიჟარაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამოძალვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კეზერაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და მის შვილს – ზურაბ ნიჟარაძეს მათი კუთვნილი კომპანიების BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ისა და MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილების დათმობას ძალადობის გამოყენებით სთხოვდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მათ რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების აქციები დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.