მურმან დუმბაძე ახალ სკანდალში
დეპუტატ მურმან დუმბაძის გარშემო სკანდალი გრძელდება. „კვირას“ ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აჭარის რაიონში პარტიის რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატებს ნიშნავს. ცნობილია, რომ ქედის მინიციპალიტეტში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, პროფესიით ნერვოპათოლოგი ამირან ცინცაძე დაინიშნა. მან ასლან ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა. როგორც ასლან ლორთქიფანიძემ „კვირას“ განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამირან ცინცაძეს რეკომენდაცია პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ გაუწია, რის შემდეგადაც პოლიტსაბჭომ ის ხმათა უმრავლესობით აირჩია.
„მე პირადად, პარტიის შიგნით, მურმან დუმბაძეს კონკურენტად მივიჩნევარ. არის საკითხები, სადაც მე და მურმან დუმბაძეს განსხვავებული აზრი გვაქვს. ეს ნორმალურიცაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებით თავმჯდომარის პოსტს ჩამომაშორა. თუმცა, ოფიციალური ვერსია, არის, ის რომ, მთელ საქართველოში როტაციის წესით პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები იცვლებიან, ამ მხრივ გამონაკლისი არც ქედის მინიციპალიტეტია“ – აცხადებს ასლან ლორთქიფანიძე.
თავად დეპუტატი მურმან დუმბაძე, ასლან ლორთქიფანიძეს კონკურეტად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პარტიის შიგნით ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება. ფაქტი, რომ მურმან დუმბაძემ რეკომენდაცია ამირან ცინცაძეს გაუწია, დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ამირან ცინცაძე ღირსეული მამულიშვილია და მას პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია. „კონფერენციას 70 დეპუტატიდან 63 დელეგატი ესწრებოდა. ამირან ცინცაძის კანდიდატურას 61-მა დეპუტატმა მისცა ხმა და ის ქედის მინიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს,“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.