18 დღის ჩვილს დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ – 4 დღის განმავლობაში ჩვილის დამწვრობის მეორე ფაქტი დაფიქსირდა

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, დამწვრობის ცენტრში ჩვილის დამწვრობის მეორე ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გამთენიისას სამედიცინო დაწესებულებაში მეორე-მესამე ხარისხის სხეულის დამწვრობით 18 დღის ჩვილი მიიყვანეს.
„გამთენიისას სამეგრელოდან რეანომობილით 18 დღის ჩვილი მოიყვანეს, რომელსაც სხეულის სამი პროცენტი დამწვარი ჰქონდა. როგორც დედამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პატარას შემთხვევით მდუღარე გადაესხა, რის შედეგადაც ჩვილს სახის, ყელის და მუცლის არე ჰქონდა დამწვარი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, დამწვრობის ცენტრში 36 დღის ჩვილი მიიყვანეს, რომელსაც სხეულის 7 პროცენტი დამწვარი ჰქონდა.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მაშინ ჩვილს შემთხვევით ცხელი ჩაი გადაესხა, რის შედეგადაც პატარას დუნდულები, ფეხის ბარძაყები და ზურგის უკანა ნაწილი დამწვარი ჰქონდა.
გუგა ქაშიბაძე მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ცხელი ყავა ან ჩაი პატარის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები