საბერძნეთში ქართველ ცოლ-ქმარს კატის დამდუღვრის გამო 30 ათასი ევროს გადახდა მოუწევს

საბერძნეთის სასამართლო საქართველოს ორი მოქალაქის საქმეს იხილავს. საქმე მეზობლურ კონფლიქტს ეხება, რის გამოც დაზარალებულია სმენადაქვეითებული კატა – „დესპინა“.
საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც „დესპინას“ მფლობელია, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 30 000 ევროს ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა საბერძნეთში, ათენთან ახლოს, პალეო-ფალიროს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, 10 ივნისს მოხდა. სინგროუს გამზირზე N 375-ში მცხოვრებ საბერძნეთის მოქალაქის სმენადაქვეითებული კატა – სახელად „დესპინა“ აივნის გავლით მეზობლის სახლში შევიდა, სადაც ქართველი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ქართველმა დიასახლისმა ცხოველს მდუღარე წყალი გადაასხა და „დესპინა“ სახლიდან გამოაგდო.
12 ივნისს, კატას დამდუღრული სხეულიდან თმის ცვენა დაეწყო. „დესპინას“ ხასიათიც შეეცვალა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. როდესაც „დესპინას“ პატრონმა მომხდარის შესახებ შეიტყო, ორ მეგობართან ერთად, ქართველ ცოლ-ქმარს მიაკითხა. სადაც დიასახლისმა აღიარა, რომ მან კატას მდუღარე წყალი გადაასხა. მეზობლებს შორის სიტყვიერი კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რადგან ჩხუბში ქართველი დიასახლისის მეუღლეც ჩაერთო. ქართველმა მამაკაცმა „დესპინას“ პატრონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიციაც მივიდა. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებს ძალიან გაუჭირდათ შოკირებულ მდგომარეობაში მყოფ „დესპინას“ კარადიდან გამოყვანა, სადაც ცხოველი იმალებოდა.
„დესპინას“ ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ცხოველს დღემდე ტკივილებს ნარკოტიკული საშუალებებით უმსუბუქებენ. „დესპინა“ ამჟამად ორთოპედიული ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„დესპინას“ პატრონმა ქართველ ცოლ-ქმარს ცხოველთა დაცვის სამსახურში უჩივლა და სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს. საქართველოს მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს ახსნა-განმარტებები უკვე ჩამოართვეს. ამავე გამოცემის თანახმად, საქმის მასალებში დევს საქართველოს მოქალაქის – ქალის აღიარებითი ჩვენება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მან კატას მდუღარე წყალი გადაასხა. საბერძნეთის მოქალაქე ქართველი ცოლ-ქმრისგან მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს ითხოვს.
სასამართლო პროცესი, რომელიც 23 ივნისს გაიმართა, 2015 წლის 25 სექტემბრისთვის გადაიდო.

იზა შაქარაშვილი

FrixosKamenosVrastoNero (1)

FrixosKamenosVrastoNero (4)

FrixosKamenosVrastoNero

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები