საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა.
კონსულტაციებს, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ დრულაკი.
სამინისტროს იმნორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების საკმაოდ მაღალ დონეს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაღრმავების პერსპექტივები. ქართული მხარე მიესალმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით და მადლიერება გამოხატა ჩეხეთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. აქვე, გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში საქართველოსა და ჩეხეთს შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ამ კონტექსტში, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ჯეროვანი იმპლემენტაციის, ასევე, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრებზე, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოინახულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს დიცის და მერეთს. ამასთან, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილე ჩეხ მონიტორებთან. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა 16 მონიტორითაა წარმოდგენილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.