რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
„რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები კვლავ გამძაფრდა. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. შედეგად, რესპუბლიკაში შეიქმნა კრიზისული ვითარება და ეს, განურჩევლად მისი შედეგისა, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას. კერძოდ, აშკარაა, რომ დღევანდელი სცენარები სულაც არ უწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული მხარე, ოკუპირებული აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე, მოელის, რომ შექმნილი ვითარება მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით.
„ამავდროულად, რა თქმა უნდა, მკაცრად უნდა იყოს დაცული აფხაზეთის კანონები, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით“, – ამბობს ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან აფხაზეთში, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, არ მიუახლოვდნენ არეულობის ადგილებს და, თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ქვეყანა.