შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე: ეს არის შედეგი იმისა, რომ იქ არის საოკუპაციო მმართველობა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია.

“ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია. ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიანი საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი „ნაცრისფერი ზონები“, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით, საქართველო იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია. ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ ეს რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავდით ვთქვათ ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები