„საგანგაშო ზარი ჯერ კიდევ 3 ივნისი უნდა ყოფილიყო, როცა პირველად ადიდდა ვერე…“
13 ივნისის თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სვანიძის ქუჩას ერთადერთი სვანიძის ქუჩის 16 ნომერში მცხოვრები ზუმბულიძეების ოჯახი შემორჩა. დღეს, ხათუნა ზუმბულიძე მეუღლესთან ერთად, სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს, რადგან ადიდებულმა მდინარე ვერემ პირველი სართული დატბორა და ყველაფერი გაანადგურა.
– ჟურნალისტები რომ მოდიხართ და გიყვებით ამ ყველაფერს, ჩემს ემოციას, გულისტკივილის გადმოგცემთ და ცოტა ვმშვიდდები, – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ხათუნა ზუმბულიძემ, – იმ ღამეს ძლიერი წვიმა იყო, ნიაღვარი მოდიოდა, ასე ხშირად ხდებოდა და ყურადღება არ მივაქციეთ. ღამის 12:30 საათზე შუქი გამოირთო. ვიფიქრეთ, გვიანი იყო, აღარ მოვიდოდა და დასაძინებლად მოვემზადეთ. დაახლოებით 12:00 საათი იქნებოდა, ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ეზოდან დაცვის ბიჭმა დაიძახა: „ლაბორატორია სულ წყალშია“. მერე მანქანაში ჩაჯდა და სიგნალს იძლეოდა, ხალხის გაღვიძებას ცდილობდა. სამწუხაროდ, მანქანაც წყალმა დაფარა და მისი დაძვრა ვერ მოახერხა. ჩემი მეუღლე მის დასახმარებლად გავიდა. მანქანიდან გადმოიყვანა. წყალი ფეხდაფეხ მოყვებოდათ და თან მეზობლებს ეძახდა, ჩვენთან აივანზე ამოსულიყვნენ. როგორც ხედავთ, ჩვენი სახლი შედარებით მაღალ ადგილზე დგას და არ გვეგონა თუ, წყალი აქამდე ამოვიდოდა.
– დაახლოებით რამდენ მეტრზე ამოვიდა წყალი?
– 13 მეტრზე ამოვიდა და, სამწუხაროდ, აქედანაც მოგვიწია წასვლა. ჩემს მაზლთან გადავედით. იქიდან რომ ვიყურებოდი, არაფერი არ ჩანდა, მხოლოდ ის დავინახე, რომ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ვერცხლისფერი მანქანა ტრიალებდა. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ მანქანა იყო, ვიფიქრე, ალბათ დამხმარე რაზმის ნავია-მეთქი. არ მავიწყდება ერთი მომენტი. წყალი რომ აღარ ჩერდებოდა, დავიწყე ღვთისმშობელ მარიამზე ლოცვა. წყალი კიდევ რომ მომატებულიყო, ვაკე-საბურთალოს გზას მთლიანად დაფარავდა და უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა. მე ძალიან მჯერა ღვთისმშობლის და ლოცვა რომ დავიწყე, ვხედავდი, წყალი აღარ მატულობდა, ლივლივებდა, მაგრამ მაინც შეგვეშინდა, რადგან შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავდა. ამიტომ, ბავშვები უფრო ზემოთ, ბაღში ავიყვანეთ. უკუნეთი სიბნელე და თავსხმა წვიმა იყო. ისეთ ადგილებში ვიარეთ, არც ვიცოდით, სად მივდიოდით, მაგრამ უნდა გავქცეულიყავით. ჩემი მეუღლე აქ დარჩა. დარდი მქონდა, ცურვა კი იცის, მაგრამ აქ ცურვაც შეუძლებელი იყო, მხოლოდ ნავით თუ ვინმე შემოვიდოდა. ვინმეს რომ მოეყოლა, ვერც დავიჯერებდი.
– თუ გახსოვთ, როდის მოვიდა სამაშველო სამსახური?
– ჩვენ კი ძალიან გვეჩქარებოდა, მაგრამ სამაშველო სამსახურს ვერ დავადანაშაულებ, გზები გადაკეტილი იყო, ვაკე-საბურთალოს გზაზე უამრავი მანქანა იდგა, შესაბამისად, ისინი აქამდე მოსვალს ვერ შეძლებდნენ. ამინდის გამო ვერტმფრენით მოსვლაც კი შეუძლებელი იყო. შეიძლება ხალხი ფიქრობს, რომ სამაშველო სამსახურს დააგვიანდა, რადგან მათ ჩემზე მეტად უჭირდათ, ხეებზე და სახურავებზე ისხდნენ. მე შემიძლია, საყვედური მხოლოდ იმ პიროვნებების მიმართ გამოვხატო, ვინც ევაკუაცია არ გამოაცხადა, როცა ახალდაბაში მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის ჩამოწოლიდან ორი საათის შემდეგ, ადიდდა ვერე და გადაგვიარა. ევაკუაციისთვის დრო ნამდვილად ჰქონდათ. თუმცა, საგანგაშო ზარი ჯერ კიდევ 3 ივნისი უნდა ყოფილიყო, როცა პირველად ადიდდა ვერე და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრიდან 20 ძაღლი წაიღო.
წინაპრებისგან ვიცი, რომ მდინარე ვერეს მსხვერპლი უყვარს და მხოლოდ მას შემდეგ წყნარდება. ჩემი დედამთილი ახლა 76 წლისაა და უკვე მეორედ გამოიარა ეს უბედურება. პირველად, 1960 წელს, როცა მდინარე ვერე 6 მეტრზე ადიდდა, მაშინ ლაბორატორიის ეზოში ცხოვრობდნენ, ჩემს მეუღლეზე იყო ფეხმძიმედ და სახლი მთლიანად წაიღო წყალმა. მხოლოდ ჩვენი ოჯახი დაზარალდა და ყველა მათ ეხმარებოდა. ახლა კი, ყველა დასახმარებლები ვართ. ჩემმა დედამთილმა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ ხალხთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს, მით უმეტეს, აქ ვეღარ მოვიყვანთ.
– სვანიძის 16 ნომერში დიდი ხანია ცხოვრობთ?
– როგორც გითხარით, 1960 წელს ადიდებულმა ვერემ ჩვენი სახლი მთლიანად გაანადგურა. მაშინ ერთ-ერთმა გეოლოგმა უთხრა ჩემს მამამთილს: „აქ აღარ დასახლდეთ. 50 წელში კიდევ განმეორდება მსგავსი“. 1961 წელს სვანიძის 16 ნომერში მოგვცა ხელისუფლებამ მიწა და ჩემმა მამამთილმა ააშენა სახლი. კიდევ კარგი, ამ უბედურებას არ მოესწრო, მთელი მისი ნაშრომი ერთ დღეში განადგურდა.
მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ვერეს მხარეს, 60-იან წლებში გეოლოგების რჩევით ბევრმა ოჯახმა თქვა უარი სახლის აშენებაზე, მერე და მერე ხალხი მაინც დასახლდა, მოგეხსენებათ, ნათქვამია, მგლის შიშით, ცხვარი ვის გაუწყვეტიაო…
– საბედნიეროდ, თქვენს ოჯახში გადარჩა ტელეფონების კოლექცია და საგვარეულო ხანჯალი…
– ტელეფონის კოლექციის შეგროვება ჩემმა მეუღლემ 1989 წელს დაიწყო. მათ შორის არის, ამერიკიდან ჩამოტანილი მექსიკური ტელეფონი, რომელიც მეგობრებმა ჩამოუტანეს, ლენინის მუზეუმიდან გამოტანილი, იუსტიციის სამინისტროს 60-იანი, 80-იანი წლების, გემის ტელეფონი, რომელიც ერთ-ერთმა კაპიტანმა ჩამოგვიტანა, გერმანული ტელეფონები, სამუზეუმო ექსპონატი, ძველი მარმალილოს, ბერიას დაჩიდან, რომელშიც 80 დოლარი გადავიხადეთ, პირველი „ერიქსონი“, ძირითადად, 30-იან 40-იან წლებში გამოშვებული ტელეფონები. ახლა, მხოლოდ 40 ტელეფონი დარჩა, ის, რაც ზედა თაროებზე იყო, 11 ტელეფონი წყალმა წაიღო.
რაც შეეხება ხანჯლებს, ზუმბულიძეები იყვნენ მეფის კარის აზნაურები და მეფემ გადასცა ეს ხანჯალი აზნაურს. ის 14 საუკუნის არის, ჩვენი საგვარეულოა და ოჯახის უფროს ვაჟს გადაეცემა. გვაქვს რევოლუციის დროინდელი ხიშტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხანჯალი, ასევე, უძველესი თურქული ხანჯალი. საჩუქარივით არის, რომ წყალმა არ წაიღო, ის, რაც ოჯახისთვის ძვირფასია.
მზევინარ ხუციშვილი