თეა წულუკიანი: “ნაციონალური მოძრაობისა” და ირაკლი ალასანიას დარტყმები მე ნამდვილად ვერ შემაფერხებს
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან “ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი ალასანიას დარტყმები, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მას ნამდვილად ვერ შეაფერხებენ.
“ნაციონალური მოძრაობისა” და ირაკლი ალასანიას დარტყმები, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მე ნამდვილად ვერ შემაფერხებს. უსაფუძვლო ინფორმაცია გვესმის არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არამედ იმ პოლიტიკური ფიგურებიდანაც, რომლებიც პირდაპირ არიან შესაბამისობაში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მესიჯებთან. მაგალითად, ალასანია ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ გარედან სასამართლოს, რომ მის წინააღმდეგ იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. ამის ფონზე მოსამართლეები იღებენ მის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, რადგანაც დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები და ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში თავისუფლები.
დღეს, ჩვენგან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ალასანია მოითხოვენ, რომ ვლანძღოთ ძალოვანი უწყებები და მათ შორის პროკურატურა. რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს არა ერთი ხარვეზი და ხმამაღლა უნდა გავაკრიტიკოთ, როდესაც ეს საჭიროა. თუმცა, როდესაც ეს ორგანოები საზოგადოებას იცავენ დანაშაულისგან, იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეზე, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ირაკლი ალასანია და “ნაციონალური მოძრაობა”, პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ოპონენტებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემაში „არჩევანში“ ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მოსამართლეების ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.