ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა გადაიდო – რას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება უსუფაშვილსა და მაჭავარიანს შორის?
საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. ამის მიზეზი პირველად კვორუმის არ არსებობა, ამჯერად კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის საქართველოში არ ყოფნა გახდა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იმყოფება საქართველოში. მათი თხოვნაა, რომ გადავდოთ, რადგან თავად ქადაგიძეს, როგორც მომხსენებელს სურს საკითხის გამოტანა. ამ თემაზე ჩვენ გაგვეწელა ცოტა, ერთხელ პარლამენტში კვორუმის არ არსებობის გამო, როდესაც კოლეგა ოპოზიციონერები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, მეორედ ბანკის გენერალურმა დირექტორმა მოგვთხოვა გადადება წინა კვირას, ახლა თავად ბანკის პრეზიდენტი არ არის. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა დღეს ვერ შედგება. დანარჩენი ვნახოთ შემდეგ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიციონერი კოლეგების ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც უსუფაშვილს უთხრა, რომ კვორუმის არ არსებობას მხოლოდ მათ ნუ დააბრალებენ, რადგან უმრავლესობის წევრებიც არ იმყოფებიან ხოლმე სხდომაზე. საპასუხოდ უსუფაშვილმა მას მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა და უპასუხა: „მეგონა გაგიხარდებოდათ, რომ შევახსენე მაყურებელს, რომ თქვენ გქონდათ პოლიტიკური ბოიკოტი. გამორთეთ მიკროფონი და თუ რამე არასწორს ვიტყვი გამისწორეთ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა, რის საპასუხოდაც მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სწორედ მისი განცხადება იყო არასწორი.