რა მოხდა ტყიბულში – გამგებელი “კვირასთან” ქრთამის აღებას არ ადასტურებს
ტყიბულის რაიონის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ქრთამის შეთავაზების შესახებ „კვირასთან“ ექსკლუზიურად საუბრობს.
როგორც „კვირას“ რობიზონ გვენეტაძემ განუცხადა, მას ქრთამი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ კუბლაშვილმა შესთავაზა. მისივე თქმით, გარიგების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.
რობიზონ გვენეტაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ კუბლაშვილი სამსახურში ორი დღეა არ ცხადდება.
„ჩემს ინტერსში შედის, რომ სიმართლე გაირკვეს და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. იმედი მაქვს, გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს. დაახლოებით ერთი კვირის წინ, სამშენებლო კომპანია „საპოვნელა +“ -ის ხელმძღვანელობა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ კუბლაშვილი, დანაშაულებრივი კავშირის შედეგად, ერთმანეთს გაურიგდნენ, რის შემდეგადაც თემურ კუბლაშვილმა ქრთამის სახით შემომთავაზა თანხა, რომელიც არ ავიღე და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს შევატყობინე“, – განუცხადა „კვირას“ რობიზონ გვენეტაძემ.
რობიზონ გვენეტაძე „კვირასთან“ საუბრისას არ აკონკრეტებს, თუ რა თანხა შესთავაზა მას მისმა ქვეშევრდომმა.
გამოძიებამ მოწმის სახით უკვე დაჰკითხა სამშენებლო კომპანია „საპოვნელა +“ -ის ხელმძღვანელი პავლე გეწაძე. გეწაძე ამბობს, რომ იგი ტყიბულის მუნიციპალიტიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თემურ კუბლაშვილს კარგად იცნობს და ბოლოს ერთი კვირის წინ შეხვდა.
„კვირასთან“ საუბრისას სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო დანაშაულებრივი გარიგება თემურ კუბლაშვილთან. „მე მაგ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. გამოძიებასაც ასეთივე ჩვენება მივეცი, რომ ქრთამის აღებისა და შეთავაზების შესახებ არაფერი გამიგია და ჩემთვის უცნობია, რა მოხდა გამგებელსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს შორის“, – აღნიშნა პავლე გეწაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო კომპანია „საპოვნელა+“ ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს. მისმა კომპანიამ მუხურას გზაზე სამშენებლო სამუშაობი 2015 წლის 27 მაისიდან დაიწყო. პავლე გეწაძის ინფორმაციით, კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერის პირობები დააკმაყოფილა და გაიმარჯვა. საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ან შეთავაზებას გულისხმობს.
იზა შაქარაშვილი