„ისეთი ერთიანობაა, ამას სახელს ვერ დავარქმევ…“
„დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მიმართულება. მართალია, ეს ჩემი საოცნებო პროფესია არ ყოფილა, მაგრამ მაშინ ჩვენი თაობისთვის ყველაზე პოპულარული და იმედიანი პროფესია ჩანდა…“ – კომპანია „აი-ემ-ჯი დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი კოტე ბოკუჩავა.
– სტიქია თბილისში…
– სტიქიის დროს წყნეთში ვიყავი, მეწყრის შესახებ თბილისში გავიგე. ვფიქრობ, უფრო მომზადებულები რომ ვყოფილიყავით, ევაკუაციასაც ჩვენ – თავად მოხალისეები განვახორციელებდით. ეს ისეთი წვიმა არ იყო, რომ თბილისი ამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. უბრალოდ მრავალი თემა მიება ერთმანეთს, რომლებმაც, საერთო ჯამში, აქამდე მოგვიყვანა. მაგრამ, ამას ყველაფერს დრო იტყვის. მთავარია ეს ერთიანობა და ემოციები შევინარჩუნოთ, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანშია, რაც არა მხოლოდ ამ პრობლემის ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარება. თუ ერთმანეთის რწმენა და იმედი გვექნება, ჩვენ – ყველა ერთად, სუფთა ხელებით კიდევ უფრო ბევრ საქმეს გავაკეთებთ.
– სოციალური ქსელის პოსტი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია…
– პოსტი, რომელიც სოციალ ქსელში დავწერე, არ იყო იმ მასშტაბებზე გათვლილი, რომელზეც გავიდა. უბრალოდ, მინდოდა ჩემი ფეისბუქის 800 მეგობრისთვის, ის ემოცია და განცდა მიმეწოდებინა, რაც მქონდა და რომელსაც ვერ ვიკავებდი.
სამწუხაროდ, გული მტკივა, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია, საბოდიშო გამიხდა ის, რაც გულწრფელად გამოვხატე. ალბათ, იმიტომ, რომ ვერ შევძელი შესაბამისად გადმომეცა ის ემოციები, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ეს არავის დისკრიმინაცია არ იყო, არც არავის შეურაცხყოფა და დაკნინება. მათ შორის, არც კახელებისა და თელაველების, რომლებზეც მთელი თბილისი ლაპარაკობს და ჩემს ნაწერში ნეგატივს ხედავენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პოსტებიდან, კომენტარებიდან აკეთებს ხალხი დასკვნებს და რეალურად წაკითხულიც არ აქვთ. არც უცდიათ, ჩემი თვალით დაენახათ ეს განცდები. არადა, იმ დროს, როცა ადამიანი გულწრფელად გამოგიხატავს ემოციებს, აცადე და თუ დაგლეჯვა გინდა, მერე დაგლიჯე.
მიზანი და ფუნქცია ამ პოსტის ის იყო, რომ ჩემი მეგობრები გამეერთიანებინა იმ წამის განცდის მიმართ, თორემ „მზიურში“ მისვლისას დავინახე ის, რაც თქვენ – სავარაუდოდ, ადგილზე ან სოციალურ ქსელში… არაფერი განსხვავებული ყველა დადებითი ემოციით და შეგრძნებით… შევიგრძენი თითოეული მათგანის განცდა – ერთიანობის, სიამაყის, თანადგომის და ა.შ. რომლისთვისაც გამორიცხულია მადლობა არ გადავუხადო სათითაოდ ყველას, ვისაც…
– სათაურმაც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია…
– სათაურიც: „მე „დღეს“ არ ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ“ იმიტომ შევარჩიე, რომ ჩემი მეგობრების უმრავლესობას მაინც მიექცია ყურადღება და მეთქვა, რომ მხოლოდ დღეს არ ვარ ამაყი. მართლა გულწრფელად გამიცოცხლდა ის, რაც დიდი ხნის დაკარგული მქონდა. მართლა ისეთი ადამიანები გაგვაერთიანა აქაურობამ, რომლებსაც ქუჩაში, სავარაუდოდ, ხელს აღარ ჩამოვართმევთ. ცხოვრება არის და შეცდომები ყველას მოსდის. იყო სიტუაციები, რამაც ხალხი დაგვაშორა, მაგრამ ახლა ისეთი ერთიანობაა, ამას სახელს ვერ დავარქმევ. ეს გმირობა არ არის. გმირობა ჩაიდინეს მაშველებმა, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ღამე სვანიძის ქუჩაზე მუშაობდნენ და მართლა, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს თუნდაც ერთი სიცოცხლე. აქ რაც ხდება, ჩემი აზრით, მოვალეობაა, რომელიც დღეს გაიდეალდა გმირობად. ყველა ისე გულწრფელად მუშაობს, მე პირადად ზეაღმაფრენას განვიცდი ამ ყველაფრისგან. ამიტომ, ნუ უჩენთ ადამიანებს თმენის ვალდებულებას. ამ ხალხის მიმართ მადლიერება არ არის საკმარისი. პირველ რიგში, საჭიროა ეს ხალხი თავითონვე დაფიქრდეს, რა მოხდა ამ ყველაფრით, რა მოხდა, არა ფიზიკურად და მატერიალურად, არამედ ჩვენს თავს. რასაც დღეს აქ ვხედავთ, დიდი იმედი მაქვს, რომ არასდროს არ ჩაქრება.
– რა გასწავლათ ამ დღეებმა?
– დღეს ბევრი რამ ვისწავლე… დღეს იყო გამოცდა ჩვენი, როგორც თაობის, და რეალურად, რომ ვთქვათ, რიგი შეცდომებით, მაგრამ ჩავაბარეთ…
ის ემოციები, რაც დღეს ჩვენ – ყველამ ერთმანეთისგან უანგარო დახმარებით მივიღეთ, მთელი ცხოვრება თუ გვექნება გულებში, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ნაგვის გატანის მერე, ამ ადგილას საოცარი სკვერი გავაშენოთ და შემდეგ ქვეყნის დალაგებაც დავიწყოთ ჩვენი ძალებით…
დადებითი ემოციების მიღმა მილიონი წვრილმანი იყო, რომლებიც გვთრგუნავდა და მოტივაციას გვიკლავდა… „მზიურში“ უდიდესი პრობლემა იყო, მათ შორის არაორგანიზებულობა… და ამაში არ ვგულისხმობ უბრალო მოხალისეებს… მე, როგორც ყველა იმას ვაკეთებდი, რასაც შინაგანი ინსტინქტი გვკარნახობდა… მაგრამ, მეგობრებო, რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენ მზად არ ვართ… ჩვენ არ ვიცით, რა გავაკეთოთ ასეთ დროს… რაში, როგორ ჩავერთოთ… მე ვარ ამის პირველი მაგალითი… ორჯერ კინაღამ ბიჭებს გამოვაცალე მიწა დიდი ხის მორის გაწევით… ეს დაუშვებელია… მართლა მოუმზადებლები ვართ, რადგან აქ მყოფმა 80-მა პროცენტმა არ ვიცით, ხელოვნური სუნთქვის გაკეთება. ჯვარი გვწერია ყველას, მაგრამ ელემენტარულად აქ რომ ვიღაცას დასჭირდეს, ალბათ, ვერ დავეხმარებით. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამაზე იფიქრებს და ბავშვობიდან დავიწყებთ ამის სწავლას, რომ ნებისმიერ დროს ყველაფრისთვის მზად ვიყოთ და თუნდაც, პირველადი დახმარების გაწევა შევძლოთ ერთმანეთისთვის. მიხარიხართ ყველა, მაგრამ იქვე მეშინია, არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე…
მზევინარ ხუციშვილი