„უბრალოდ, მინდა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი…“

„დავიბადე ძალიან საინტერესო ოჯახში. დედა – ეკა ქუთათელაძე და მამა – ვაჟა მინდიაშვილი მსახიობები არიან, ბაბუა – ანზორ ქუთათელაძე რეჟისორია, ბიძა – არჩილ მინდიაშვილი არქიტექტორი (სამების საკათედრო ტაძრის ავტორი), დეიდა კინომცოდნე, მამიდა – მომღერალი. მოკლედ, ბებიის გარდა, რომელიც ექიმი იყო, ყველა ხელოვნებას ემსახურებოდა. მამა შემდგომში მღვდლად აკურთხეს და ამაღლების ტაძრის წინამძღვარი იყო. მეც ამ არაჩვეულებრივ გარემოში ვიზრდებოდი. ჩემი პროფესიის არჩევაც, რა თქმა უნდა, ხელოვნების სფეროს ვერ გასცდებოდა, თუმცა ბებიას ძალიან უნდოდა მეც მასავით ექიმი გამოვსულიყავი…“ – მხატვარი ნატალია მინდიაშვილი.

– მეუღლეც მხატვარია…11268067_865906050125115_1087994983_n
– დიახ, ჩემი მეუღლე ირაკლი ბოჭორიშვილი პროფესიით მხატვარია. ფეხსაცმლის დიზაინერია, აქვს საკუთარი სახელოსნო, რომელიც Shoesofrenia-ს სახელით არის ცნობილი. თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან.
გვყავს ხუთი შვილი. უფროსი ელენე სამხატვრო აკადემიას ამთავრებს წელს. მანაც ჩემი, ტექსტილის დიზაინერის პროფესია აირჩია,
ბარბარე 9 წლისაა, არაჩვეულებრივად ხატავს და ცეკვავს. გიო 8 წლისაა, ისიც ძალიან კარგად ხატავს, ძერწავს და მღერის. ვახტანგი 6 წლის ხდება, ხატავს, ძერწავს და ახლა ცდილობს, გიტარაზე ისწავლოს დაკვრა. პატარა ალექსანდრე 4 წლის გახდა და ყველაზე ცელქი და გადარეულია…
– შემოქმედებითი ჯგუფი „დეკარტი“…11301412_865906053458448_1336386108_n
– შემოქმედებითი ჯგუფის „დეკარტის“ დამფუძნებელი და დირექტორი თავად ვარ. რამდენიმე მიმართულება გვაქვს აღებული. ვმუშაობთ ხელნაკეთ ნივთებზე. ძირითადად, შეკვეთებს ვიღებთ მსხვილი კომპანიებისგან, დღესასწაულებზე ვუმზადებთ ბრენდირებულ საჩუქრებს თანამშრომლებს და კლიენტებს. ახლა დავიწყეთ მუშაობა ქართულ ნაციონალურ ტანსაცმელზე, მაგრამ ეს იქნება არა ტრადიციული, არამედ უფრო შემოქმედებითი კუთხით დანახული. ასევე, ვატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ორი წელი ვითანამშრომლეთ დიასპორის სამინისტროსთან და გავმართეთ დიასპორის დღეები. გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ სფეროში.
– როდის და როგორ დაიწყეთ ხატვა?
– ბავშვობიდან ნამდვილად არ ვხატავ. ძალიან კარგად ხატავდა ჩემი ბიძაშვილი ლაშა და სულ ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. ხატვა ამიტომ დავიწყე. ახლა ლაშა რეჟისორია, მე ვაგრძელებ ამ სფეროში მოღვაწეობას.
– შთაგონების წყარო…
– შთაგონების წყარო, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, უფრო ხშირად საკუთარი ემოციებია. შეიძლება რაღაც განვიცადო და უცებ მომინდეს მუშაობა, ან პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყო იმ მომენტში, რაღაც ძალიან მიხაროდეს.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში…11311842_865906043458449_367210914_n
– მახსოვს, სკოლაში, გამოცდაზე თავისუფალი თემა მოვიდა, მეც დავწერე ფერები. კვირის დღეებიც კი ფერებად მაქვს დაყოფილი, რიცხვებიც. ყველაფერს ფერებად აღვიქვამ. არ მიყვარს მუქი და გაცრეცილი, მიყვარს ხალისიანი და მსუყე ფერები.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– აუცილებლად მჭირდება მშვიდი გარემო, რაც, სამწუხაროდ, ჩემთან სახლში, ბავშვების გამო წარმოუდგენელია.
– გამოფენები…
– მქონდა ორი პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო და ჯგუფურ გამოფენებში.
– საქართველო და ხელოვნება…
– საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი ღირსეული ხელოვანებით, მსოფლიოში გამორჩეული ნიშა გვიკავია. ქართველ ადამიანში დევს ეს კოდი, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ისეთი ბუნებრივი მშვენიერება გვარტყია გარს.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვთ თქვენს შემოქმედებაში…
– ჩემს ნამუშევრებს ვერ ვარჩევ, ყველა მიყვარს. ყველა ნამუშევარში ჩემი რაღაც ნაწილი დევს.
– თანამშრომლობთ ბავშვების ხელოვნების სახლთან…11355421_865906056791781_99185322_n
– დიახ, ეს არის ბავშვების ხელოვნების სახლი „დეფანი კიდარტი“, სადაც სექტემბრიდან ვმუშაობ. არაჩვეულებრივი გარემოა ბავშვებისთვის, ჩემი შვილებიც აქ სწავლობენ, ყველას ვურჩევ, მოიყვანოს ბავშვი ჩვენთან. DEPHANI kidArt – ში ისწავლება: თავისუფალი ხატვა – ფერწერა, კომპოზიცია, გამოყენებითი ხელოვნება (აპლიკაცია, კოლაჟი, ცივი ბატიკა და სხვ.), ძერწვა – პლასტელინი / თიხა, დეკორატიული ფიგურები, კრეატიული კომპოზიციები, კოსტიუმირებული თოჯინები, „პაპიე-მაშე“, მითოლოგია, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორია, მეტყველების კულტურა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დეკორატიული თოჯინების შექმნა და ხელსაქმე, ფოტოგრაფია (მოზარდებისა და უფროსებისთვის), ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული სამხმიანი გალობა, „ხატვა ყველასათვის“ (ხატვა-ფერწერა ნულოვანი დონიდან, აკადემიური ხატვა-ფერწერა, ხატვა-ფერწერა აბიტურიენტებისათვის), უცხო ენები (ინგლისური, რუსული, ესპანური, იტალიური). ბავშვებისთვის წელიწადში მინიმუმ 2- 3ჯერ ვაკეთებთ გამოფენებს, სისტემატურად ტარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
– ჰოლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიიღეთ მონაწილეობა…11536986_865906046791782_1000956938_n
– საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ბატონმა კონსტანტინე სურგულაძემ გვთხოვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავხმარებოდით ღონისძიების ორგანიზებაში, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. საქართველოდან ჩავიყვანეთ ქართველი მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, ბექა ჩხაიძე, ნუცა ქირია და „სუხიშვილების“ ოთხკაციანი ჯგუფი, რომელიც ნინო სუხიშვილმა სპეციალურად ჩვენთვის გამოყო და ცეკვებიც, შესაბამისად, ისე დადგა, რომ ოთხ კაცს მორგებოდა. ქალაქ ჰააგაში, დიპლომატიური კორპუსისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა მიღება-კონცერტი. სხვათა შორის, ძალიან კარგი შეფასება მისცეს მოწვეულმა სტუმრებმა ამ ღონისძიებას.
– მინდა, რომ…
– მინდა, რომ გარეთ სულ მომღიმარ სახეებს ვხედავდე, მინდა, რომ ქართველმა ერმა არ დაკარგოს თავისი სახე, არ შეაქციოს ზურგი თავის ტრადიციებს, ღირებულებებს. მინდა, რომ ჩვენი შვილები ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ, არ დაკარგონ ღვთის შიში და მოწიწება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები