„თენგიზ კიტოვანი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს“
კიტოვანის რუსული მისია საქართველოში – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი”. სტატიის ავტორი წერს, რომ თენგიზ კიტოვანი ის პარაზიტია, რომელიც ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა პოლიტიკაში ერთმანეთთან საერთო ენას ვერ ნახულობენ. ასე იყო მაშინ, 90-იან წლებში. ავტორის შეფასებით, კიტოვანს ახლაც ეგონა, რომ მთავარი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებდნენ, აქ ვითარება პოლიტიკურად იმდენად დაიძაბებოდა, რომ პარტიზანებისთვის ისევ გაჩნდებოდა “საქმე”. ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში არჩევნების შემდეგ და გამოაცხადა: მე პოლიტიკიდან არც წავსულვარო. თენგიზ კიტოვანი ახლა ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და იგორ გიორგაძის გათეთრებას ცდილობს. გაზეთი იხსენებს კიტოვანის ერთ-ერთი ინტერვიუში ნათქვამს, სადაც ის გიორგაძის გათეთრებას ცდილობს. “1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი ედუარდ შევადნაძის, შოთა კვირაიასა და ავთო იოსელიანის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, რათა იგორ გიორგაძე თავიდან მოეშორებინათ,” – ამბობს კიტოვანი.
აფხაზეთის ომის ვეტერანი, იუსტიციის საბჭოს მრჩეველი, აფხაზეთის პროკურორის ყოფილი მოადგილე და აფხაზეთის სამხედრო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე რუსუდან ქორჩილავა კი “ქართულ სიტყვაში” იხსენებს: “თენგიზ კიტოვანმა ჩაიდინა სერიოზული სახელმწიფო დანაშაული – სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდო კანონიერი პრეზიდენტი, აფხაზეთში კი თვითნებურად დაიწყო ომი”. რუსუდან ქორჩილავა ამბობს, რომ ანტიგმირების გვარები და სახელები კარგად უნდა გვახსოვდეს. თენგიზ კიტოვანი რუსეთის დავალებას ასრულებდა, ამიტომაც გიორგაძის შემდეგ, ისიც მოსკოვს აფარებდა თავს. ახლა კი ჩამოვიდა და, როგორც ჩანს, ძველი “დიდების” აღდგენა სურს.“ ქორჩილავა აღნიშნავს, რომ ახლა როგორია თენგიზ კიტოვანის მისია საქართველოში, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.