„უნდა შეიქმნას ისეთი უნივერსალური მიმდინარეობა, რომელიც რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი…“
„მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. ძალიან პატარა, დაახლოებით 13 წლის ვიყავი, მუსიკის კეთება რომ დავიწყე. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. განვითარებაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და ჩამოვყალიბდი მუსიკალური მიმართულებით. არასდროს არსად არ მისწავლია, არც მიცდია, სულ ვიცოდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრებაა…“ – მუსიკოსი გიორგი თორაძე.
– მუსიკა შენს ცხოვრებაში…
– მუსიკა ყველაფერზე და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, არანორმალური სიყვარული მაქვს ბავშვობიდან, გამორიცხულია ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე, თუ არსებობს დამოკიდებულებები ნარკოსტიკის და ა.შ. ჩემი დამოკიდებულება არის მუსიკა.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ჯექსონი, თუმცა ვერ გეტყვით, ვინ ან რომელმა მუსიკამ მოახდინა ასეთი დიდი გავლენა. ოთხი წლის ვიყავი, პირველად რომ წამიყვანეს კლუბში დედაჩემმა და მისმა მეგობრებმა. მართალია, მაშინ დიდად ვერ აღვიქვამდი, რა ხდებოდა, მაგრამ ძალიან მიმიზიდა.
მუსიკას რომ ვწერდი, არაფერი არ ვიცოდი, ნოტებიც კი და ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა მხოლოდ სმენით გამეკეთებინა ყველაფერი. კარგია განვითარდე, მაგრამ დოგმა არ არის. ბევრ კარგ მუსიკოსთან ვმუშაობდი და სწორედ მათგან ვიღებდი დიდ ცოდნას. მასწავლებელს ვიდეოგაკვეთილები მირჩევნია. ერთ-ერთი ტრეკი, რომელიც მე და ნიკა გელაშვილმა გავაკეთეთ, მსოფლიო გაყიდვებში მერვე ადგილზეა. ვუკრავ პროფესიონალურ მუსიკას, მაგრამ ვუსმენ შედარებით მსუბუქს და ბედნიერს.
– საქართველო და მოსკოვი…
– ეტაპობრივად ვცხოვრობდი, ხან მოსკოვში, ხან საქართველოში. მოსკოვში გატარებულმა წლებმა მომცა გამოცდილება, რომ არასდროს არ უნდა წაიქცე. თუ, წაიქცევი, ძალიან მალე უნდა წამოდგე. მოსკოვი დიდი ქალაქია, დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ის ქალაქია, სადაც შეიძლება მთელი ცხოვრება იშრომო, დიდი ფული აკეთო, მაგრამ ერთი დღე თუ არაფერი არ გააკეთე, შეიძლება მშიერი მოკვდე. უბრალოდ, არ უნდა მოდუნდე. როგორც ქალაქი არ მომწონს, არც კლუბები, არც გართობა, არც ჩაცმის სტილი.
საქართველოში ვმუშაობდი „სანო“ სტუდიაში. მერაბ სანოძემ მაშინ დიდი ნდობა გამომიცხადა და ძალიან ბევრი კარგი, ცნობილი მუსიკოსი გავიცანი.
მე არ ვთვლი, რომ საქართველოში მუსიკოსები ცუდ მდგომარეობაში არიან. ყველა ის ადამიანი, ვინც აქამდე რაღაცას აკეთებდა, წარმატება ჰქონდა ამა თუ იმ ჟარში, ყველა ერთ მიმართულებაზე გადავიდა. მიმბაძველობა გვაქვს ძალიან ცუდი. ყველას ჩვენი მსმენელი უნდა გვყავდეს. უნდა შეიქმნას ისეთი უნივერსალური მიმდინარეობა, რომელიც რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ გვინდა, რომ მუსიკა, როგორც მიმდინარეობა, განვითარდეს და ყურადღება მივიქციოთ, ინგლისურ ენას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ამის შემდეგ, უნდა გაიმართოს რეგიონალური მნიშვნელობის ფესტივალები, რომ ურთიერთობები არსებობდეს.
მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ ბიზნესის ახალი ცნება, რაც მსოფლიოში ყველაზე კარგად მუშაობს – კრეატივი უნდა იყოს შეზღუდული მარტო კრეატივში. კრეატიულ ადამიანებს უნდა მივცეთ განვითარების საშუალება. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფო დაეხმაროს მუსიკოსებს, რომ მათ ყოველდღიურ ყოფით პრობლემებზე ფიქრში არ დაკარგონ დრო.
-კომპანია DPM GROUP–ი…
– DPM GROUP–ი წარმოადგენს ამერიკულ კომპანიას, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს მართავს. კომპანია მაღალი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო დონის არტისტების production company-ბთან. DPM COMPANY-ის ინიციატივით და დახმარებით საქართველოში უვე იმყოფებოდნენ მსოფლიოში აღიარებული არტისტები: Chris lake, Tv noise, OLIVER NELSON, ამჯერად DPM COMPANY, შვილობილ კომპანიასთან ერთად, საქართველოში ჯინო-პარკის პარტნიორი ხდება. ჩვენ ვგეგმავთ მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ჯინო-პარკის ტერიტორიაზე საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო მათ (კავკასიის რეგიონი) შევთავაზოთ მუსიკალური ფესტივალები.
კომპანია მე, ლელა წიკლაურმა, ჯარჯი თორაძემ, იმედა როსტომაშვილმა და ნიკა გელაშვილმა ჩამოვაყალიბეთ, რომლის მიზანია თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების დამკვიდრება, ახალი ქართველი არტისტებისა თუ შემსრულებლების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე მათი კომერციალიზაცია.
– მუსიკალური ფესტივალი – SUMMER BEATS…
– წელს, პირველად 5 და 6 ივნისს, ჯინო-პარკში ფესტივალი სლოგანით: „MAKE LOVE GEORGIA“ გავმართავთ. 5 ივნისს წარმოდგენილი იქნება მუსიკოსი DANTE, ხოლო 6 ივნისს კი – PHONIQUE. მე ვარ ფესტივალის ორგანოზატორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და ერთი საათით დავუკრავ.
მე ნებისმიერი ჟანრის მუსიკაში კარგად ვერკვევი, ზუსტად ვიცი, რომელი ჟანრი, სად, როდის და როგორ ამართლებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ქართველ ახალგაზრდობას სიმსუბუქე აკლია. ზოგადად, საქართველო ძალიან მძიმე ჟანრებით არის დატვირთული. ვფიქრობ, მეტი სიმსუბუქეა შემოსატანი. კარგი იქნება, თუ ადამიანები პოზიტიური მუსიკის მოსმენით იქნებიან დაკავებულნი. ჩვენი ფესტივალიც სწორედ ამას ემსახურება.
DANTE არის ძალიან კეთილი და მოსიყვარულე. მის ყველა სიმღერაში ძალიან დიდი სიყვარული და სითბო დევს, რაღაც დონეზე ტკივილიც. PHONIQUE ასევე ძალიან პოპულარულია, მის ერთ-ერთ ტრეკს „იუთუბიზე“ 25 მილიონამდე ნახვა აქვს. გვინდა, მუდმივად ახალი ექსპერიმენტები ვატაროთ, რომ ყველა ჟანრს მივცეთ განვითარების საშუალება. ფესტივალზე 15 000-მდე ადამიანს ველოდებით. დაგეგმილია კიდევ ოთხი ღონისძიება. ეტაპობრივად გაიზრდება ფესტივალების მასშტაბებიც. თუმცა, ამას დრო გვიჩვენებს, რადგან საერთოდ, ფესტივალები მთელს მსოფლიოში სტაბილურ ქვეყნებში ტარდება, სადაც არის სიმშვიდე, სიწყნარე და დაძაბულობის გარეშე ცხოვრობენ. აგრეთვე, ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი უნდა იყოს.
მზევინარ ხუციშვილი