პეტრე მამრაძე: “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში ყოფნის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ
“ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის 4 წევრის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე“კვირასთან“ აფასებს. მამრაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში ყოფნის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ.
ყოფილი დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვდებიან, რომ 2016 წლის არჩევნებში არსებული შემადგენლობით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ და მანდატით დაცულები ვეღარ იქნებიან. მამრაძე არ გამორიცხავს, რომ, პარტიის ოთხი წევრის მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობა“ სხვა წევრებმაც დატოვონ.
“არაერთხელ მითქვამს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს არც ერთიანი იდეა, არც მეგობრობა, არც ურთიერთპატივისცემა. მათ არ აქვთ საერთო ფასეულობები. ამ ადამიანების ბირთვში არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სააკაშვილს სულ გიჟს და იდიოტს უწოდებდა და სხვა უფრო უხეში ეპითეტებითაც “ამკობდა“.. მაგრამ მათ აერთიანებთ ერთად ჩადენილი დანაშაული, ეს უფრო ბანდის მსგავსი დაჯგუფებაა, ვიდრე პარტია. ბზარები იყო პარტიაში და ეს არ არის ახალი ამბავი. მათ დემონსტრაციების მოწყობის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, თუმცა იყო სააკაშვილის ზარები, მისი დაპირებები, რომ “ყველას მიხედავდა“, რაც შემდეგ არ სრულდებოდა.
გავიდა დრო და მათ პარტიაში ყოფნის პერსპექტივა ვეღარ დაინახეს, მიხვდნენ, რომ არსებული შემადგენლობით ვეღარ დაბრუნდებიან, 2016 წელს რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ამ შემადგენლობით ისინი მანდატს ვერ მოიპოვებენ და დაცულები ვეღარ იქნებიან. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიაში ბზარები კიდევ გაჩნდეს. ეს არის შეკრული ბანდა, რომელთაც ერთმანეთიც კი სძულთ“,- განუცხადა “კვირას“ პეტრე მამრაძემ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე ტოვებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.