გოკა გაბაშვილი “ნაციონალების” პარტიიდან წასვლას უპასუხისმგებლოს უწოდებს
ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი თანაგუნდელების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს.
გაბაშვილი აცხადებს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღეს.
“ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა. მათ ვერ გაუძლეს ოლიგარქის მხრიდან გარკვეულ წნეხს და მუქარას, რომელიც 3 წელია ხორციელდება. მე მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ,”- აცხადებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი.
“ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე ტოვებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ოფიციალურად გაფორმებული არ არის.