საქართველოში სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ გაერთიანებები, საფრთხე ექმნება
საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, იან კელის თქმით, ის აპირებს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში მაქსიმალურად დაეხმაროს.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას იან კელიმ განაცხადა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, აპირებს საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში და მოუწოდოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ამ მიზნების სჯერა, ქვეყნის წინსვლისთვის გაერთიანდეს.
კელიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დაეხმარება პოლიტიკური პლურალიზმის, ანგარიშვალდებული მთავრობის და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს ქვეყნის ისტორიაში.
სენატში გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებაში დაეხმაროს, რათა ქვეყანამ შეძლოს მომავალზე ფოკუსირება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ევროპაში ინტეგრაციის წარმატებით დასასრულებლად.
იან კელი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე რიჩარდ ნორლანდს შეცვლის. ნორლანდს უფლებამოსილება ზაფხულში ეწურება.