თამარ ბერუჩაშვილი: დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე
მნიშვნელოვანია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია, აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა.
“ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად საქართველომ, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”, -განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე განმარტებით, “მე ველოდები, რომ რიგის დეკლარაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნება ის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები. ველი ასევე მოწოდებას, რომ უახლოეს დროს ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება და საქართველოს მიმართ აამოქმედოს ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას. რასაკვირველია, რიგის სამიტი ეს არის ეტაპი, რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა სწორედ მიმართულია იქეთ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, მაქსიმალური აღიარება და ამასთან ერთად საქართველო გამოჩნდეს კვლავაც, როგორც ქვეყანა, რომელიც არის რეგიონში ევროპული ტრანსფორმაციის მოდელი “, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.