ანგელა მერკელი – საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება ამ ეტაპზე შეუძლებელია
საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარლამენტში განაცხადა, რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე გამგზავრებამდე.
„სავიზო რეჟიმის გამარტივება მხოლოდ ყველა აუცილებელი პირობის შესრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ევროკომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველომ და უკრაინამ ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სიტუაცია მთლიონობაში გამოსწორდეს“, – განაცხადა მერკელმა.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ყველა ქვეყნის უფლებას, ეძებოს განვითარების საკუთარი გზები და მზად არის, ორმხრივი თანამშრომლობა, წინააღმდეგობის მიუხედავად, გააგრძელოს. მერკელმა სომხეთი და ბელორუსია იგულისხმა, რომლებიც რუსეთის მიერ შემქნილ ევრაზიულ კავშირში შევიდნენ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ევროკავშრირში ინტეგრაციის კუთხით არანაირ აქტიურობას არ იჩენს. საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს. მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში 6 ქვეყანა მონაწილეობს.