ეკა ბესელია: ჩვენი მიდგომა ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი ძალიან კრიტიკულია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიდგომა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშისადმი ძალიან კრიტიკულია – ამის შესახებ ჟურნალისტენს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი კომიტეტის მიდგომა ანგარიშისადმი ძალიან კრიტიკულია. ჩვენ, პირველ რიგში, გვაინტერესებს სავალუტო პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა ლარის კურსის ინფლაციის პროცესი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ, რამდენად დროული, ქმედითი, ეფექტური და რელევანტური იყო ის ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაატარა. ამ კუთხით გვაქვს ძალიან კრიტიკული შენიშვნები”, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით კარგია, რომ ვალუტის კურსის გამყარების პროცესი დაიწყო.
თუმცა, მისივე განცხადებით, რა პროცესებიც გასულ პერიოდში ლარის კურსთან დაკავშირებით მოხდა, ამან ნეგატიური გავლენა მოახდინა მოქალაქეებზე.
„კარგია, რომ ვალუტის კურსის გამყარების პროცესი დაიწყო. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ იმან, რაც უკვე მოხდა, ჩვენს მოქალაქეებზე, ბუნებრივია, დატოვა ნეგატიური გავლენა. არის შედეგები, რომელიც, ჩვენი თვალსაზრისით, კრიტიკულადაა შესაფასებელი”, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვრიშვილი წარუდგენს. 2014 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2014 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.