ღუდუშაურის საავადმყოფოში 2 დღეში 2 მშობიარე გარდაიცვალა
ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 2 დღეში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტები საკეისრო კვეთის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპნენ. 6 აპრილს, 29 წლის თათია სუარიძე, ხოლო 4 აპრილს 28 წლის თამარ ქუქიშვილი გარდაიცვალნენ. აღსანიშნავია, რომ როგორც „კვირამ“ გაარკვია, თათია სუარიძისთვის მეორე მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა, ხოლო თამარ ქუქიშვილისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ორივე ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დაიღუპნენ. ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თათია სუარიძეს 2 შვილი დარჩა, ხოლო თამარ ქუქიშვილს – 3.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თათია სუარიძისა და თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უკვე დაფიქსირდა. სააგენტოს წარმომადგენლის ქეთევან გაგნიძის განცხადებით, უწყებაში შემოსული ინფორმაციის თანახმად მოკვლევა კანონით გათვალისწინებულ ნორმებში დაიწყება.
„ამჟამად იურისტები შესაბამის დოკუმენტაციაზე მუშაობენ, რის შედეგადაც მივმართავთ სასამართლოს, რის საფუძველზეც კონტროლის სამსახურის თანამშრომლები მოკვლევას დაიწყებენ“, – აღნიშნა ქეთევან გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 6 აპრილს 29 წლის თათია სუარიძე საკეისრო კვეთის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. მანამდე კი – თამარ ქუქიშვილი, რომელმაც საავადმყოფოში საკეისრო კვეთა გაიკეთა, მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპა. გარდაცვლილი თათია სუარიძის ახლობლების ინფორმაციით, თათიას საკეისრო კვეთის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა, რის შედეგადაც გაეთიშა თირკმელები, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი დაემართა. მათივე თქმით, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა მათ ამის უფლება არ მისცა. ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი თამარ ყიფიანი „კვირას“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
იზა შაქარაშვილი