მუშაობს თუ არა ვალერი ზუმბაძე ისევ თავდაცვის სამინისტროში – უწყებამ დოკუმენტი გაასაჯაროვა
მუშაობს თუ არა ვალერი ზუმბაძე ისევ თავდაცვის სამინისტროში, როდის გათავისუფლდა ის სამსახურიდან, რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი და რა კომენტარს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო იმ კადრებზე, რომლის მიხედვითაც გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე,ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროში ისევ დადის. სააგენტო “აიპრესმა” თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა და ვალერი ზუმბაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მოითხოვდა.
როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი ვარლამ ზუმბაძე დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 12 თებერვალს გათავისუფლდა და კადრების განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.
ამავე ბრძანების თანახმად, ვალერი ზუმბაძის გათავისუფლების საფუძვლად გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილი სახელდება.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალერიან ზუმბაძე არ არის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც მან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და ავტომატურად გადავიდა კადრების განკარგულებაში, შესაძლებელია, რამდენჯერმე იმყოფებოდა სამინისტროში, რაც უკავშირდებოდა მისი ფუნქცია-მოვალეობების გადაბარების პროცესს.
“ვალერიან ზუმბაძე ამჟამად არ სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილით. აღნიშნული ავტომობილით სარგებლობს სხვა პირი, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომელი. მინისტრის ოჯახს არ ემსახურება არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვა და არც დაცვის რომელიმე სხვა სამსახური. თავად თავდაცვის მინისტრის დაცვას უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც პარალელურად, არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მინისტრის ოჯახის წევრების ადგილსამყოფელისა და მონახულების ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
“აიპრესის” კითხვაზე, როდის მოხდა კადრების გადაღება, სადაც ნაჩვენებია როგორ შედის ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროში, უწყებაში გაგვიცხადეს, რომ კადრები ძველია.
“ხოლო, რაც შეეხება კადრებს, სადაც მინისტრ მინდია ჯანელიძის ამის შესახებ ეკითხებიან, გადაღებულია 2 აპრილს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, სადაც მინდია ჯანელიძე სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობდა”, -აცხადებენ სამინისტროში.
წყარო: „აიპრესი“