„ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან საკრალურია“ – მაია მაისურაძის (მაილო) ირაციონალური ამბები, დახეული პორტრეტი და ახალი სიცოცხლის დაბადება – „ავე მარია“

ბავშვობიდან ხატავს. სკოლის პერიოდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ხატვის წრეზე დადიოდა.
1995 წელს დაამთავრთბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
მუშაობ ფერწერაში. არის  საქართველოს მხატვართა კავშირისა და მხატვართა ლიგის წევრი. მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ და საერთაშორისო გამოფენაში როგორც  საქართველოში, ასევე უცხოეთში.
მის ფერწერაში ექსპრესიონიზმისა და სიურეალიზმის ელემენტებია შერწყმული… სიმბოლოებით გადმოცემულია მძაფრი განცდები და განწყობა.
ამბობს, რომ
ხატვის პროცესი ძალიან საკრალურია მისთვის. როდესაც ხატავ, თითქოს დრო ჩერდება და მძაფრად  გრძნობ სამყაროსთან კავშირს. – მხატვარ მაია მაისურაძის (მაილო) პერსონა.

 –  დავიწყოთ ბავშვობიდან…
– ბავშვობიდან ვხატავ. მახსოვს, სულ პატარა 3 წლის ვიყავი, მამამ ფერადი ფანქრების დიდი ნაკრები მომიტანა და თავისი ხელით ლამაზად გამითალა. ფანქრის ფერად-ფერადი ნათლელით ისეთი ლამაზი მოზაიკა შეიქმნა, არ გადამიყრია, შევინახე. უბედნიერესი ვიყავი, მქონდა სახატავად უამრავი ფერი და ფერადი მოზაიკა.
ჩემი წარმოსახვის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბუნებასთან სიახლოვემ. ბავშვობაში რაჭაში ვატარებდი ყოველ ზაფხულს. დავხეტიალობდი  მინდორში, ტყეში, ვაკვირდებოდი ყველაფერს. ვაგროვებდი ტყის ლოკოკინას ნიჟარებს და ზედ ვხატავდი. ასობით მოხატული ნიჟარა მქონდა და ეს ჩემი „განძი“ იყო. საათობით ვაკვირდებოდი ღრუბლებს, როგორ იცვლიდნენ ფორმებს და ზღაპრულ სამყაროს ქმნიდნენ ჩემს წარმოსახვაში.
სკოლის პერიოდში დავდიოდი მოსწავლეთა სასახლეში, ხატვის წრეზე, სადაც მასწავლიდნენ: ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, შესანიშნავი მხატვარი ქალბატონი ლულუ დადიანი და აწ გარდაცვლილი ქალბატონი ციალა კანდელაკი.–  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წლები…
– სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. ცუდი დრო იყო, 90-იანები, ეკონომიკური კრიზისი, თბილისის ომი, გაყინული აუდიტორიები, მაგრამ მაინც ახალგაზრდული სილაღე და ოპტიმიზმი გვქონდა ყველას. ბედნიერი ვარ, რომ აკადემიაში მასწავლიდა ქართული მხატვრული კერამიკის ფუძემდებელი, ქალბატონი ალდე კაკაბაძე.
სტუდენტური პერიოდის ნამუშევრებიდან ძალიან ცოტა შემომრჩა, მათ შორისაა  კერამიკული ფილებზე შესრულებული გრაფიკა. აკადემიის დამთავრების შემდეგ მქონდა დიდი შემოქმედებითი პაუზა, ოჯახი, შვილები.
წამოვიზარდე შვილები და ნელ-ნელა დავუბრუნდი შემოქმედებას.ვმუშაობ ძირითადად ფერწერაში.
– ერთი ნამუშევრის  ამბავი…
– დამღლელი დღის ბოლოს, დაღლილობის მოსახსნელად ფურცელი ავიღე და ყოველგვარი ინსპირაციის გარეშე პასტელით დავიწყე ხატვა. საბოლოო შედეგს შევხედე, ფურცლიდან დაღლილი, უსიცოცხლო სახე მიყურებდა, ჩემი  მდგომარეობის ანარეკლი… არ მომეწონა, დავხიე და ჩავაგდე ურნაში (პირველად დავხიე ჩემი ნამუშევარი).
ვიღვიძებ მეორე დილით, შევდივარ სახელოსნოში და ურნიდან ვიღაც მიყურებს მუდარით… ამოვიღე დახეული პორტრეტი, დავაწებე ტილოზე და ახალი სიცოცხლე მივეცი, ასე შეიქმნა ტილო სახელწოდებით „ავე მარია“.
– რას ანიჭებთ ხატვისას უფრო დიდ დატვირთვას – ფერს, ფორმას თუ  მონახაზს? შთაგონება?  როდის იწყება ნამუშევრის შექმნა,  ფუნჯის ხელში აღებიდან თუ მანამდე გაცილებით ადრე?
– ინსპირაციას მაძლევს ჩემი შინაგანი მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, სამყაროსთან კავშირი.
ძირითად მონახაზს ჯერ გონებაში ვქმნი და შემდეგ გადმომაქვს ტილოზე. ხატვის პროცესში ფოკუსი უფრო იწმინდება და საბოლოო ვარიანტად გარდაიქმნება.
ნამუშევრის შექმნისას ტილოზე გადმომაქვს ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ემოცია, განწყობა. ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან საკრალურია, ვგრძნობ, როგორ  ჩერდება დრო და ვხდები სამყაროს ნაწილი. ნამუშევრის შექმნისას ხშირად ინტუიციურად მივყვები დინებას, ხან ფერია მნიშვნელოვანი, ხან ხაზი, ხან ფორმა.
ინსპირაცია ხშირად თავისით მოდის, ირაციონალური ამბების მჯერა, ალბათ რაღაც საინფორმაციო ველიდან ვიღებ მესიჯებს…– თქვენი ფსევდონიმია „მაილო“. უამრავი გამოფენის მონაწილე ხართ….
– ჩემი შემოქმედებითი ფსევდონიმია „მაილო“ და ნამუშევრებზეც ეს ხელმოწერა მაქვს.
ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
ჩემი ნამუშევრები გამოფენილი იყო საერთაშორისო გამოფენებზე – ლუვრში („კარუსელ დე ლუვრ“, 2024), სიცილიაზე, დუბაიში („არტ დუბაი“), ამსტერდამში.
– ხელოვანი… რა უმთავრესი პრობლემის წინაშე დგას იგი?
– ციფრულმა ტექნოლოგიამ ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩინა ხელოვანს  შემოქმედების წარმოსაჩენად, საერთაშორისო ონლაინ გამოფენებით, პლატფორმებით, გაყიდვებით. თუმცა, ლოკალურად საქართველოში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უჭირს ხელოვანს ნამუშევრების გაყიდვა შესაბამის ფასად, რაც ძალიან სამწუხაროა…
– ოჯახი…
– მეუღლე მხატვარი ზურაბ სულაკაურია, პირველი შვილი სანდრო სულაკაური ამჟამად ციფრული მხატვარი და ციფრული თამაშების კონცეპტ არტისტია, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ისწავლა და დაამთავრა კინოს მხატვრობის ფაკულტეტი. მეორე შვილი მირიან სულაკაური პროფესიით შეფმზარეულია, თუმცა ბავშვობიდან ხატავს და შესანიშნავი ნამუშევრები აქვს გრაფიკაში. ერთი სიტყვით, მხატვრების ოჯახი მყავს.  2022 წელს გალერეა „იარტში“ ერთობლივი  ოჯახური გამოფენაც გვქონდა.
– სამომავლო გეგმები…
–  ამჟამად ვმუშაობ ნამუშევრების სერიაზე სახელწოდებით „ანგელოზები და დემონები“.

                                                                                                     

                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები