თეა წულუკიანი: იარაღით თავის მოწონება არ უნდა ითვლებოდეს კარგ ტონად და ამას ჩვენ – ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს მოუწოდებს, “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების მიღება დააჩქაროს. წულუკიანის თქმით, იარაღზე ადვილად წვდომის შესაძლებლობა ყველას არ უნდა ჰქონდეს. “ყველას არ უნდა ჰქონდეს ადვილი წვდომა იარაღზე. თუნდაც კანონიერად შეძენილი იარაღით თავის მოწონება არ უნდა ითვლებოდეს კარგ ტონად და ამას ჩვენ – ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ, მათ შორის კანონის ძალით. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ დააჩქარონ იმ კანონის მიღება, რომელიც იარაღზე წვდომას აძნელებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დიდი სპექტრი და მრავალფეროვანი მექანიზმები იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს, რათა ეს ბრძოლა იყოს წარმატებული. “დანაშაულს ვერ დაამარცხებს ერთი ცალკეული ცვლილება და კანონი. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დიდი სპექტრი და მრავალფეროვანი მექანიზმები იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს, რათა ეს ბრძოლა იყოს წარმატებული. მე ყოველთვის ვიცავდი და დღესაც ვიცავ იმ პოზიციას, რომ ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია იარაღის უკანონო ტარება-შეძენა-შენახვა და გამოყენება, მაგრამ კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს. ეს უნდა ვაქციოთ დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ რიგით, მაგრამ მნიშვნელოვან მექანიზმად”, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, “იარაღის შესახებ” კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები. კერძოდ, ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები