ირაკლი კირცხალია: საქართველო თუ რამეს არ შეგუებია თავისი ისტორიის განმავლობაში და არც შეეგუება, ეს არის სიცრუე და შეურაცხყოფა
საქართველო თუ რამეს არ შეგუებია თავის ისტორიის მანძილზე და არ შეეგუება, ეს არის სიცრუე და შეურაცხყოფა. უსამართლობას არასდროს არ შეეგუება ქართველი ერი და ამას არჩევნებიდან არჩევნებამდე ამტკიცებს ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება შეურაცხმყოფელია.
„რაც შეეხება უკვე მერამდენე შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც წავიკითხეთ და მოვისმინეთ… მოდით, შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ხელისგულზეა და ყველაფერი დღესავით ნათელია. იმიტომ, რომ საქართველო თუ რამეს არ შეგუებია თავის ისტორიის მანძილზე და არ შეეგუება, ეს არის სიცრუე და შეურაცხყოფა. უსამართლობას არასდროს არ შეეგუება ქართველი ერი და ამას არჩევნებიდან არჩევნებამდე ამტკიცებს ჩვენი საზოგადოება. ამას ვერ ინელებენ. განა რაიმე პრობლემა აქვთ ნებისმიერ ჩატარებულ არჩევნებთან? ხომ გახსოვთ ყბადაღებული, სასაცილო, ანეკდოტად ქცეული გაყალბებული 400 ათასი ხმა? განა არ იცოდნენ, რა ეწერა ოდირის დასკვნაში? განა ვერ კითხულობენ? განა აქ ვერ თარგმნიან? უბრალოდ, ისინი შედეგს ვერ ეგუებიან, რომ როგორ გაბედა საქართველომ, რომ დაიცვა თავის სუვერენიტეტი, როგორ გაბედა საქართველომ, რომ დაიცვა თავის საზოგადოება, როგორ გაბედა ამ პატარა ქვეყანამ, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება ცივი გონებით და პრაგმატულად, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. და როგორ გავბედეთ და არ მოვუსმინეთ იმ დახურულ კაბინეტებში ხელის ბრახუნით ნაკარნახევ მიმართულებებს და დირექტივებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში.