სიმღერა „სულიკოს” შესრულების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სიმღერა „სულიკოს” შესრულების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1895 წელს ჟურნალში „კვალი“ დაიბეჭდა აკაკის ახალი ლექსი „სულიკო“, რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკა წერეთელს და სთხოვა, რამე ჰანგი შეერჩია მისთვის. „ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახე აღძრა. მე ღრმა ინტერესით მოვკიდე ხელი გიტარას და არსებული კილოების დაუხმარებლად შევქმენი ორიგინალური მუსიკა. ამაში დიდად დამეხმარა თვით ლექსის რიტმულობა, სიმსუბუქე. დიდ პოეტს ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა ძალიან მოეწონა. აღფრთოვანების გამოსახატავად აკაკიმ თავისი სურათი მაჩუქა, წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან“.
მგოსნის მიერ მოწონებულ „სულიკოს“ თავად ვარინკა ძალიან ხშირად, დიდი ენთუზიაზმით მღეროდა, ცხადია, გიტარის თანხლებით. სწორედ ავტორისეული შესრულებით გავრცელდა იგი ფართო საზოგადოებაში.
„სულიკოს“ მშვენიერმა მელოდიამ იმთავითვე საყოველთაო აღიარება მოიპოვა და ფოლკლორული ნიმუშისთვის დამახასიათებელი სოციალური ფუნქცია შეიძინა.
საუკუნეზე მეტია, რაც ეს უკვდავი ჰანგი თაობიდან თაობას გადაეცემა. სიმღერა „სულიკო“ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სავიზიტო ბარათად იქცა.
ის ისმის ყველგან და ყოველთვის – მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე თუ ქალაქის ქუჩებში, საოჯახო მუსიცირებისას თუ ლხინის სუფრაზე… მას ასრულებს ყველა – ცნობილი მუსიკოს-შემსრულებელი თუ უბრალო მოქალაქე, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი… ის ისმის სხვადასხვა ენაზე, განსხვავებული ინტერპრეტაციით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.