სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას მინისტრი ლევან ყიფიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის ძირითად ამოცანებს შორისაა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება, მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორცილების მონიტორინგი, სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა და, ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისთვის წინადადებების შემუშავება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, კომისიის მუშაობის შედეგად გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც საქართველოში ამ მანკიერებას აღმოფხვრის.
“საქართველო იმ ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება, რომელმაც ერთიანი ძალისხმევით, მთავრობებისა და სპორტული ორგანიზაციების ერთობლიობა უნდა განახორციელოს. სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ და ამას ერთად გავუმკლავდებით. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. ამ კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევუერთდით კონვენციას, რომელიც ევროსაბჭომ, ევროპის ქვეყნებმა განახორციელეს. ამ კომისიაში ფეხბურთის კომისიის, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან”, – განაცხადა ყიფიანმა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, მანიპულაციები გამოირიცხება კანონის დონეზე და მკაცრად სანქცირებადი იქნება.
“ეს პრობლემა ყველგან არის, მათ შორის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ სპორტშიც ჩვენ წარმატებულ მაგალითს ვაჩვენებთ მსოფლიოს”, – განაცხადა წულუკიანმა.