ირაკლი კორძაია: ჯანყარაშვილი, უდესიანი და ნაცვლიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადანაწილდებიან
ჟურნალისტი ირაკლი კორძაია მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯანყარაშვილი, ნაცვლიშვილი და უდესიანი ყველა გზით ცდილობდნენ მის დაშინებას. ჟურნალისტის თქმით, ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული პირები თანამდებობაზე ყოფნის დროს ბესიკ ხარძიანის საქმის გამოძიებას აფერხებდნენ.
“აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ყოვნდებოდა ბესიკ ხარძიანის ქონებრივი დავის გადაწყვეტა. აქ სხვა საქმეებზეცაა საუბარი. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ თავიანთ გავლენას პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისას, რა აკეთებდნენ ამ გავლენის მეშვეობით თავიანთი ბიზნესისთვის, როგორ ერეოდნენ სახელმწიფო კომპანიების საქმიანობაში, როგორ აწინაურებდნენ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები იყვნენ ათასგვარ დანაშაულში. ამ კითხვებზე მოუწევთ მათ პასუხის გაცემა და სამივე გადანაწილდება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში”, – განაცხადა კორძაიამ.
დღეს ჯანყარაშვილის ადვოკატებმა ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. კორძაიამ “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი გია უდესიანთან კავშირში დაადანაშაულა.