ვახტანგ გომელაური: შს სამინისტროზე მეტად შალვა აბულაძის დაკავება არავის უნდა
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროზე მეტად შალვა აბულაძის დაკავება არავის უნდა. მისი თქმით, შსს შალვა აბულაძის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს.
“არ მინდა, წინასწარ გავაკეთო განცხადება დეტალებზე. ყველა დარწმუნებულია, რომ შსს-ზე ძალიან არავის უნდა მისი დაკავება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა იგი უმოკლეს დროში დავაკავოთ”, – განაცხადა გომელაურმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ბორჯომსა და თბილისში ორი სამართალდამცავი მოკლა. ორივე შემთხვევაში მან მიმალვა მოახერხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.