ლევან იზორია: შალვა აბულაძის დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვერ ვიტყვი, რომ ადგილი აქვს დაკავების პროცესის გაჭიანურებას. როცა ასეთი სპეციფიკის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ეს ითხოვს დროს და სერიოზულ დაგეგმვას. ბუნებრივია, ამ პირის დაკავების მიზნით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე, უწყება საზოგადოებას სთხოვს, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკონ „ცხელი ხაზზე“ (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.