თეა წულუკიანი: დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს
სამართალდამცველზე თავდასხმის შემდეგ იუსტიციის მინისტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ ფერხდება ამ დოკუმენტის დამტკიცება. წულუკიანის განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვის წინ წარუდგინა პარლმენტს ცვლილებათა პაკეტი.
“პირველ რიგში მინდა იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც ჩვენი თვალსაჩინო ახალგაზრდის, პოლიციელის სიკვდილით დასრულდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ვიცი, რომ არც ერთი პოლიციელის, ძალოვანის, საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს დანაშაულთან ბრძოლისთვის არ კმარა. გუშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული “იარაღის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს, რაც ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ და რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ეკა ბესელია კი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარიც დაუჭირა. ახლა კი ჯერი იურიდიულ კომიტეტზეა.
“ჩვენმა კომიტეტმა განიხილა ეს კანონპროექტი. ჩვენ დავუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას. ახლა ამ საკითხზე წამყვანი იურიდიული კომიტეტია და ველოდებით, სესიაზე როდის იქნება გამოტანილი უკვე შემდგომი განხილვისთვის. ძირითადი პრინციპების დონეზე მხარი დავუჭირეთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.