საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ განხილვა დაიწყო
კანონპროექტის მიღების მიზეზია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა მონაწილეობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად საკმარისი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა, არასრულწლოვნის განსაკუთრებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამო სამართლებრივი სისტემა, რომელიც არ არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოდექსით შემოთავაზებულ სიახლეებს, მიდგომებს და საკანონმდებლო ნორმებს პირველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაეცნო. პროექტი კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, კოდექსის პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტში საფუძვლიანად აისახა მოქმედი ხელისუფლების ნება რაც საქართველოში ბავშვთა უფლებების მეტად დაცვას წარმოადგენს. მინისტრის ინფორმაციით, კოდექსით შემოთავაზებული მართლმსაჯულება არასრულწლოვნებს გამოსწორების და ახალი ცხოვრების დაწყების შანსს მისცემს. კოდექსით გათვალიწინებული ნორმებზე საუბრისას, თეა წულუკიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში სპეციალიზირებული მოსამართლეების და პროკურორების ჩართულობას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ნოვაციას წარმოადგენს ასევე ალტერნატიული სასჯელები, კერძოდ კი, შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შემოღება. წარმოდგენილ კოდექსის პროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა სასა გრუმანმა და პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს. განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმაც მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა მოახსენა ასეთი მნიშვნელოვანი კოდექსის მომზადებისთვის და აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც მოწმობს გასული წლის ბავშვთა წლად გამოცხადება. რაც შეეხება უშუალოდ კოდექსს, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ ვალდებულებად აიღო ევროპული სტანდარტის დოკუმენტის მომზადება, რასაც ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა, კომიტეტზე კოდექსის პროექტის განხილვით კი დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ ეს ვალდებულება წარმატებით შეასრულა. კოდექსზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მუშაობა მეორე მოსმენამდე აქტიურად წარიმართება და მისი მუხლობრივ განხილვამდე შესაძლოა კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებების აისახოს. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს და პირველი მოსმენით მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებზეც იმსჯელეს. აღნიშნული პაკეტი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურების გამარტივებას, საქართველოში მყოფი უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესის შეღავათიან მიდგომებს და საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრას და სამინისტროსთვის ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობის მინიჭებას ითვალისწინებს. კომიტეტი ასევე მესამე მოსმენით “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მოისმინა, რომელთა თაობაზეც რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა. სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრები „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „ახალი ფსიქო აქტიური ნივთიერების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები და ერთი საკანონმდებლო წინადადება მოისმინეს.